Saturday, September 5, 2015




ჩემი ესპანური არდადეგები




დაწყებამდე

თბილისში ხვატია.
მუქფარდებაფარებულ ოთახში, კონდინციონერს ვუწევ ერთგულებას -  სიმარტოვეში.
შუადღეა და საღამოს ვუდარაჯებ,
წასასვლელ საღამოს, რომელიც ამიცხადდა.
ჩემთან ახლა ასე არ ხდება,  რომ მოლოდინი ნატვრულ დღეებზე უკეთესი გამოდგეს,-
ამ ფრაზას აღარ ვეთანხმები.
მთელი გან/სიგრძით მსურს სხვა გარემოს შეთვისება.
აი, ასე:  ხმაჩაწეულ TV-სა და გაშლილი ლეპტოპის წინ, პირველ ჩანაწერს ვაკეთებ ჩემს ესპანურ მოგზაურობაზე.




მაძილი პირველი

ქუთაისის აეროპორტამდე მხიარულად ვიმგზავრეთ.
ჯერ მხუთვარება დავიმართეთ უატმოსფერობით, შემდეგ - მომეტებული კონდინცირებისაგან - პლედებში გამოვეხვიეთ.
ზურამ ხან ნაცნობნი გამოაჯავრა, ბოლოს ფრინველებსაც გადაწვდა.
თანამგზავრებმა რამდენჯერმე უკან მოგვიხედეს.
მერე, ალბათ შეეჩვიეს ჩვენს ხმამაღალ, გაურკვეველი ხასიათის ხუმრობებს და მთელი  4 საათი „ყურები აიწიეს“ ფლეიერების მაღალ ბგერებზე.



მანძილი მეორე     


სტამბულის აეროპორტის ლოდინის დრო, მომდევნო რეისამდე, რომელმაც ევროპას უნდა შემახვედროს, - მგზავრთა თვალთვალში გადის.
სხვადასხვა  ერების გადაადგილების ადგილი ერთ სივრცეში იკვეთება და ცხვირწინ შლის სამოსის ტრადიციულობას, ქცევის მანერას.
ლოდინის დრო ყველას განსხვავებული და თავისებური აქვთ.
ჩადროსნები - შორტოსნების გვერდიგვერდ,
ჩალმოსანნი და შლაპოსანნი,
ტიტველ და შემოსილწვივებიანი.
აეროპორტში შლაპიანი, სიმპათიური ესპანელი ბიჭის ჭვრეტაც შემემთხვა, - არამხოლოდ უქმედროის მომიზეზებით, - საკმაოდ მოწონებული მზერებითაც.
*
მომდევნო დღეებში კი ესპანელებზე  დაკვირვებებისას აღმოვაჩენ:
 ისინი საკმაოდ განსხვავებული ხალხია,  პირველივე შეხედვისთანავე,  - აღნაგობით და იერსახით.
საუბრობენ სხარტად,  ბგერებაწევით, წამღერებასაც რომ ჰგავს და ამავდროულად - დატუქსვის შთაბეჭდილებასაც რომ გიტოვებს.
ნებისმიერი კომპანიის, ცენტრის, მარკეტის, დუქნის პერსონალი, მიუხედავად დამთვალიერებელთა, მომხმარებელთა, მყიდველთა სიჭარბისა, - პერსონალურად გესალმება ღიმილით, - თითქოს მხოლოდ შენთვისაა იმ კონკრეტულ დროს.

თვალმოსახვედრი თვისებები ალბათ, სხვა ქვეყანაში  თუ იკვეთება მეტი სიმძაფრით და პარალელებითაც.





დღე,  - სახელად შთაბეჭდილება


მუზეუმია „ პრადო“,
გაშლილი ტალანებით და განძეულობებით.
ორიგინალი  ტილოებითა და ეპოქა შექმნილი საუკუნეებით.
რაც ყურს მოხვედრია და თვალს შერჩენია მეხსიერება, - თითქოს აქ, ერთ სივრცეს შეკედლებია და რამდენიმე დარბაზის მერე - მუხლიც აღარ გეკვეთება, პულსიც სტაბილურდება, შეჩვეული ელი სხვა ნამუშევრების ჩამოთვალიერებებს.
 ზოგიერთი მხატვარი არც რომ გაგიგია და ნამუშევართა დიდი წილი არც რომ გინახავს რეპროდუქციაშიც, - ისეთი მომენტია.
თითოეულ ტილოს თავისი წილი ისტორია და საუკუნე აქვს.
 ძნელია არ აღიარო, ამ დარგში გაუნათებლობა.
ერთი დღე ალბათ, მხოლოდ შენობის ფასად დათვალიერებისთვისაა მიზანშეწონილი, არათუ ათეულობით დარბაზ/ტალანების აღსაქმნელად, ტილოებსავსე კედლებით.
მეორე დღეს, ამ ადგილს ჩამოვლილნი, დამთვალიერებელთა მოლოდინის რიგის  თვალშევლებისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ზუსტად ამ მატერიალური სიმდიდრეების სულიერ სირღმეებზე განათლების აუცილებლობას.
ჩაიარე და მორჩა, - ნიშნავს რომ არაფერი დაგამახსოვრდა,
ჩათვალე, რომ გადაიფურცლა და არც გინახავს.
ჩავიარე და ვაღიარე :
კიდევ მრავალჯერ შესასწავლი,
სანახავი,
განსაცდელი,
დასამახსოვრებელი.
საცხოვრებელი,
დაუთვლელი და აუცხადებელიც...

ხოლო  „იმ დღეთა მოლოდინი - ბევრად უკეთესია“,- არავითარ შემთხვევაში არაა ჩემი ფრაზა.









განცდა   „ევროპულად“


მადრიდმა ჩამომიარა და კადრებად დამიტოვა:

სიმპათიურ ადამიანთა  სახეებიანი სუფთა, ფართო ქუჩები, - უსაზღვროდ  მოწესრიგებული.
უსიგნალო გადაადგილებები,
ულამაზეს ფასადებიანი ვიტრინები,
ქალაქი - ტურისტებით,
ქუჩა - ღამის სერენადებიანი მუსიკოსებით,
კაფეებს მოდებული - ვარდებიანი გამყიდველებით.
მონარქიული პალატები,
საუკუნეებს გამოყოლილი ფერები - ტილოებიანი კედლებიდან,
ყველაზე ღიმილიანი „ოლა“,
და ხმა - პოლიფონიური,  - წამღერებაც რომ გგონია და სიფიცხეც იმავდროულად,
საუბარი რომ გემრიელ კერძს წააგავს  - სანელებელთა სიჭარბით, -   ისეთი.












კატალონიის  გავლით


ბარსელონაში, აბრის წაკითხვის შემდეგ, პირველი რაც დავინახე, იყო ცათამბრჯენი,  - ბანკის შავი შენობა, შუქნიშანზე გადამსვლელი ქერა, შუახნის მამაკაცი  და კატალონიური ავტოსადგური.
ბანკის შენობას თვალსაწიერზე სხვა ბევრი შენობაც შეემატა,
მგზავრი - შუქნიშნის ზებრაზეც გადავიდა, - ხალხშერევით,
სადგური კი - მრავალხაზიანი ლიანდაგებითა და   Lloret De Mar-ის  ბილეთიანი მატარებლით  დაიძრა, -
ანუ - სურათი ჩამოიხსნა და გაცოცხლდა.

მომდევნო დღეებში  კი უფრო ვრცლად დავუთვალიერებ ქუჩებს  და ვიტრინებს ამ ქალაქს.




ოთახი ანასთან


აივნიან ოთახს მეზობელ სასტუმროებს ვუთვალიერებ.
ზღვა დღეს უკარებაა, ამიტომაც უ/სტუმართმოყვარეოდ დაგვიხვდა,
დღე, რომლის სანაპიროც ჯერ არ მინახავს, სავარაუდოდ, ხვალ დადგება.
ოთახს შემოსული ანა თბილისურ ამბების მოყოლით ცხადში მაბრუნებს.

მადრიდის დილას სწორედ რომ ანა იწყებდა, თანაც ყოველთვის ერთი ფრაზით:  „გაიღვიძე!“, - ყურმილის მეორე ბოლოდან მოსმენით, - ისეთ დროს, როცა ცხად/სიზმარ/ქვეყანას ვერაფრით არჩევ ერთმანეთისაგან, - ეს ხმა კი ყოველთვის ნიშნავდა - სწრაფად მომზადებას საუზმისთვის, რომელსაც დღის დაგეგმვა უნდა მოეტანა დილიდანვე.







დღე, სახელად  „ ატოჩა“


„ატოჩა"  - მადრიდის ერთ-ერთი უბანია,
მთელი გაშენება ქუჩებიანი შენობებით და რკინიგზის სადგურის - ეპიცენტრით.
ატოჩა  - ადგილია, რომელიც სასტიკად არ უყვარს მარის,
ტირილამდე არ უყვარს,
თანმიმდევრულად  სამ  ღერ სიგარეტის მოწევამდე არ უყვარს.
ატოჩა ბულვარს შლის,
ქალაქს  ორ  საუკუნოვან ისტორიას უნახავს და ერთ-ერთ სანახაობას ქმნის.
ბაღის შემოგარენში კი  ბუკინისტური წიგნების სრული დასახლებაა, ლამის ცალკე ქუჩად. 






თვისებები,  - სახელად თათა


თათას მრავალი მხარე აქვს, - გააჩნია, შენ როგორი მკითხველი ხარ,
ანდაც,  ვინ გინდა იყო მასთან ერთად ყოფნისას,
ანუ - მისი რომელი წახნაგი.

შეგიძლია გახდე დიპლომატი  
და იარო მოლაპარაკებებზე, -
პროტოკოლის წესებ დაცვით.
აი ასე, - გაიკეთო სათვალე, მოირგო მაღალი ქუსლები და გაიშრიალო აბრეშუმით,
ისაუბრო მრავალ ენაზე და მოხვდე განმეორებით ვიზიტებად.

შეგიძლია გახდე მსმენელი - თავისი სფეროს ლექციებიდან,
კომუნიკაციებისა და სტატისტიკის თემებზე, პრ-ის გავლით - მარკეტინგამდე, გაყიდვების გამოუტოვებლად.

ანდაც, - იცურავო მის გვერდით და გაწვე პლაჟზე, - მსუბუქი საფლირტაო ლიტერატურის თვალგადავლებითა და ზურგზე მზის დამცავი ლოსიონის გადასმით.

გინდა იყო მსმენელი თავისი ამბის? - ჰკითხე და გეგულახდილება,
იმ „დიპლომატიურ ვიზიტებზე“ წაყოლისას, შენივე განაფიქრს, - რომ ამაყია და რას გაიგებ მის შესახებ ,- მალე შეგაცვლევინებს მოყოლებით.

გინდა მუზეუმები? - გაიყოლე.
ბევრ მხატვარს ხელახლა აღმოაჩენ.

გასწავლის მეგობრობას,
 ოღონდ
არ გაპატიებს
გულგრილობას,
 განზე გადგომას -
 რომ  „ეს მე არ მეხებას“ და
მარტოსულობას.
...
მოვლენებს სხვა პრიზმაში გავხედე და ერთიდაიგივე ამბის სხვადასხვა განვითარება დავინახე, - ჩემი ძველი და მიმდინარე ხედვებით.







საბარსელონო ნახვები


სანახაობებით დაგეგმილი ტური, დაახლოებით ამ სათაურისაა:
 -  ...უნდა ნახო, თუკი აქ პირველად მოხვდები,  - ჰოდა, მეც აქ პირველად მოვხვდი, რომ ვნახო.
მთელი გზა - Lloret De Mar-იდან  ბარსელონამდე - ხმაკოდალა გიდის ამომწურავმა, გამოხარშულ/ადუღებულმა ინფორმაციამ  წინადადებებად,  ტვინის ყველა უჯრედს ჩამოუარა, მიუკაკუნა, გამოაფხიზლა, ამბავიც მოუყვა და კიდეც აატკივა დემონურად.
წარმოშობა, ისტორია, რასა, გენოტიპი, ეთიკა, ტრადიცია,
 ამინდი - საწვავი - ვალუტა,
დამპყრობლები და მეცენატები...
ღმერთოოო, არ ჩერდება კოდალა,
კაკ-კუკ, რაკ-რუკ, დაგ-დუგ და
გუგუნ- გუგუნ, დაგან-დაგან, - მფეთქავი საფეთქლებიდან ცხადად მესმის ჩემივე ტვინის ხმა.




*

ესეც “Sagrada Familia” - მთელი დიდებულებით, ამოუხსნელ-შეუცნობელი საუკუნეების ისტორიებით,
თვალშეუწვდომლობით,
დაუსრულებლობით,
სივრცეებით,
წინადან - მომდევნო საუკუნეში დაგმოტანილი გამაოგნებელი ბრწყინვალებით, ამოუხსნელი არქიტექტურული ფენომენით,
ქონგურებითა და რელიგიური კადრების გადმოდინებებით - გაუდის დაუჯერებელი და წარმოდგენილი აქიტექტურაა ჩემს თვალ წინ, ბარსელონას სავიზიტო ბარათი.

ჯერ თვალშევლებაც არ გყოფნის,
თითო ფასადით უნდა ჩაუჯდე ინტერნეტ საძიებო სისტემას, რომ ნანახი დაუკავშირო სინამდვილეს.

წიგნწაკითხვას ჰგავს, - ბევრჯერ რომ უნდა მოუბრუნდე,
მოუხედო და  აღმოაჩინო ყოველჯერზე.
ჩამოიტოვო, რომ დაგიბრუნოს ზურგშეუქცეველი სვლით.





ჭკუამხიარულება

ღამეა და უკან ვბრუნდებით, შინისკენ,
ანუ კოსტა ბრავას არემარეში.

კადრი ასეთია:

ნახევრად ვთვლემარეობ.  ტვინკაკუნა გიდის სწრაფ, ნერვიულ ხმას ვეღარ ვარჩევ და უკვე არც მესმის რაზე საუბრობს მე-8 საათია,
ამ ხმის ჩამხშობი - გვერდით მჯდომი ზურიკოა,   ნაოშნიკებით  ბოლო ხმით უსმენს მთელი გზა, არ ვიცი რა წარმომავლობის მუსიკას,
და მთელი თავისი შერჩენილი ენერგიულობით ხელებს შლის - ცეკვის ნიშნად.
თანამგზავრნი   ყველა რუსია,
თათა  დროდადრო - ოკუპანტებს ეძახის, მაინც  ქართულად, - ეთიკის რანგში.
მოცეკვავე ზურიკოს „დინამიკებიან ტელეფონს“ კი შენიშვნებით ემუქრებიან მგზავრები - ხმაკოდალას ვერგაგონების გამო.
მარი ჩვენს მხარესაა და ჩვენს ნებისმიერ გამონახტომს საფირმო ფრაზებით „ჩემო სიცოცხლე“ - ანეიტრალებს.

ხვალინდელი 5-ჯერ შეცვლილი გეგმა  თავდაყირა დგება მეექვსედაც.
გონწართმეულებს კი ძილი - დილაში გვაღვიძებს.







მარი


მარი დედას მახსენებს, -
მზრუნველობას გამოყოლილი სითბოს გამო.

მასთან შემიძლია ჩემს პირად თემებზეც ვისაუბრო, - ანუ ნიშნავს, რომ მარი დიდი მეგობარია,  მდიდარი გამოცდილებებით და საიმედო რჩევებით, ყოველთვის და   ნებისმიერ დროს.







ჯარიმას გადარჩენილი აკრძალული ფოტო


აი, გაივლი ქუჩაში და იკითხავ ვთქვათ, რომელიმე ადგილს,
ან მაღაზიას, ან ნივთის შეძენის შესაძლო მისამართს, - არავინ იცის,
არც პოლიციელმა,
რომელიც საკმაოდ უცნაურ გარეგნობასთან ერთად,
უცნაურად მოკლეპასუხებიანია და მოუსალმებელი.
ჰოდა, შეკითხვაზე - სად შეიძლება  შევივსოთ მაგალითად, ჩამოფრქვეული ინტერნეტ სარგებლობის კარტები - შეკითხვითვე კითხულობს ჩემს ვინაობას  და თათას ჩემს   დაჯარიმებასა და დასჯაზე, ასევე განყოფილებაში შესაძლო მიყვანით იმუქრება.

ყველაფერი კი ზუსტად ამ ფოტო/კადრის ბრალია,
რომლის გადაღებაც (პოლიციელისათვის) აქ ყველა ტურისტს (სავარაუდოდ, მოქალაქესაც)  ეკრძალება.

*
პოლიციელი ქალის ცხვირწინ წაშლილ კადრს კი მოგვიანებით აღვადგენ  ტელეფონის სანაგვე კალათიდან, ესპანეთიდან შორს, სტამბულში და ამ ამბავზე დიდხანს ვიხალისებთ კიდეც.










 დაბადების დღიანი კონსტანტინე


       არცერთი ასეთი მეგობრული გადაადგილებები არ მაგონდება, რომელიმე ჩვენგანის დღეობის გარეშე ჩაევლოს და ასეა ახლაც.
ღია ტერასიან   ღამის კლუბში საკმაოდ გრილა. 
12 საათამდე კიდევ ცოტა დროა და ჩვენ,  ყვავილების გირლიანდებში, - მზად ვართ სიმღერისთვის, რადგან კოტეს დაბადების დღეა, რომელიც საქართველოში 2 საათის წინ უკვე დადგა.





ქუჩის ამბები


ურთიერთობები მოძრაობაში ჩანს, ანუ გაივლი ორიხელგაწვდენა მონაკვეთს და მოსიარულეთა თვალთვალიც მოგინდება.
აქაც მათხოვრობენ, - თუმცა ასეთი ადამიანები ქუჩაში მხოლოდ 2-ჯერ შევნიშნე.
არიან უპოვარნი მეტროშიც, დაახლოებით ნაცნობი და მსგავსი ტექსტებით, - სადაც - დეიდებო-ბიძიებო იცვლება მიმართვებით ქალბატონებო და ბატონებო და დასასრული რომ ყველამ ვიცით.
არიან უპოვარნი -  მუსიკოსები, მგზავრნი რომ მოწონების ნიშნად ტაშით აჯილდოვებს.
და არანაირად -  „დაძალებები „ - მოწყალების გაღებისათვის.
არიან შეყვარებული ადამიანები - ნებისმიერი ასაკის, ფერის, სქესის წყვილებად.
ადამიანები - შენობებიდანაც, - მხიარული ღიმილითა და მერილინ მონროს კაბებით.
     






 „ანგელ“ - ანუ ზურას მუქთი ინტერნეტკაფე


ზურა არცერთ მოგზაურობაში არ ღალატობს საკუთარ თავს, - დაძალებებითა და ხვეწნებით გადაიღოს კადრები (ჩვენთვის მოსაწონი)  და იგივე „აჯებით“ დაგვიბრუნოს უკანვე.  მიზეზები - წყალგაუდინარი აქვს.
ჰოდა, მსგავსი ხვეწნების ასარიდებლად, არსებობს  „ანგელა“, ზურას „ინტერნეტკაფე“, რომელშიც ატარებს ნომერასვლამდე და მგონი, ნომერგამოსვლამდეც დროს.
ჩვეული ღიმილებითა და სიტყვებ აწყობილი წინადადებებით, - კაფის მომსახურე პერსონალი ქალის  გულიც მისია და ინტერნეტ პაროლიც.
ანთებული მწვანე შუქით - შეუძლია შეკვეთის გარეშეც ეწვიოს „ანგელას“ და მოხერხებულად გაიშხვლართოს ნებისმიერ თავისუფალ მოწნულ სავარძელში.

მოგვიანებით, უკან დაბრუნებისას,  - შეძლოს ცრემლი  „მოუყენოს“ „ანგელას“ მიმტანი ქალის თვალებსაც  - გამომშვიდობების გადახვევისას.

ზურა, ჩემი მოგზაურობის ის პერსონაჟია, რომელსაც პლაჟის ვერცერთი გოგო მოვაწონეთ (ეჭვი კი  ყოველთვის გვქონდა, მის „ჩუმად“ მოწონებულ გოგონებზეც).
ზურიკო ის კაცია, რომლის ყვითელ, ზურგმოგდებულ დიდ ჩანთაში მუდამ მოიძებნებოდა ხილის უხვი ასორტი, - შინიდან გამოყოლილით დაწყებული - ადგილობრივით დამთავრებული.
რომელმაც კოსტა ბრავას ღამის კლუბი დაუწუნა, თანაც სრულიად ფხიზელმა და
ლამბორჯინის ტარებით ინსტრუქტორიც კი გადარია.









„გამოტოვებული  რეისი - ანუ სტამბულის ცის ქვეშ


საათს რომ დავხედეთ და ბილეთის თურქულ დროს შევადარეთ - სტამბულის აეროპოტში, გასასვლელამდე სწრაფად უნდა გვერბინა.
ბორდინგის მიუხედავად, დაგვტოვეს გასასვლელი კარის   გამოღმა მხარეს.
ვხედავდით, როგორ მოიძრო ტრაპი თვითმფრინავმა,
როგორ ააცილა ბორბლები აეროპორტის ტრასას და როგორ დაგვტოვა მოუბოდიშებლად  და  ჩემოდნებგარეშე.

***
მოლას ხმამ  მთელ ამ არემარეს ჩამოუარა და ახალი დღის ჩემი გამღვიძებელი გამოდგა.
ლანჩი - მრავალკერძიანი გამოდგა,
საწოლი - რბილი,
ოთახი - კომფორტული, - თითქოს წუხანდელის კომპენსაციად დღეს გვეძლეოდა.
ხვალაც და ზეგამდეც აქ გვტოვეს ასეთი დილა - „რეისგადადებულ“ და არდადეგებგამოგრძელებულ მგზავრებად.

***

პირველი, რაც გავიაზრე , გამოტოვებული აგუგუნებული თვითმფრინავის აფრენის მერე, დრო იყო - მომდევნო მანძილამდე გასატარებელი დრო, - გეგმებს რომ რევდა,
სწორხაზოვნად ჩამოწერილ და საათებად გათვლილ მოვლენებს თავდაყირა აყენებდა და დედამდე მანძილს - გაურკვეველი დროით მიშორებდა.
მერე ადამიანების უნარების დრო დადგა.
სტრესული  გარემოს  თავდაღწევის სამოქმედო გეგმას  მოეძებნა ა, ბ და ც ვარიანტებიც.

„დავუშვათ საწინააღმდეგო“, - ეს თეორიის მტკიცებულების შესავალი, ორსიტყვიანი პრეამბულა, ავტოტრენინგივითაა.
ასევეა, ძველქართული ანდაზის სიზუსტეც, - როცა კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის.

*
პრობლემას - გარკვევამდე და მოგვარებამდე, აქვს გართულებები,
რომელიც დაახლოებით ასეთი სახისაა:

1.       ახალი ბილეთების შეძენა
2.       სასტუმროში დაბინავება მომდევნო რეისამდე
3.       ყველა ჩემოდნის დავიწყება, სავარაუდოდ, და დიდი ალბათობით
4.       უროუმინგო ჩემი ტელეფონი
5.       უინტერნეტობა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ორკვირიანი ესპანური არდადეგები ჩამოვიტოვეთ და მე, პირადად, ბოლო ევრო, ბარსელონას მოსაგონებლად მაგნიტურ სურათში ამოვიტრიალე საფულედან, ხომ  იოლი წარმოსადგენია, ასეთ დროს, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების ათვისება.

***
თათამ თვითმფრინავში გადახდენილი თვლემა კიბეებზევე ჩამოიტოვა,
აეროპორტის ექსკალატორზეც რომ თანამგზავრი, 2-3 წლის ამწიოკებელი, კიკინებიანი, სავარაუდოდ, თურქული წარმოშობის პატარა გოგონა ისევ შევნიშნეთ გვერდით, -  უკვე ერთნამეთს კი არ შევხედეთ - მრავალსიტყვიანი კომენტარიც გავაკეთეთ.

ჯერ არ დაგვაძინა,
მკივანა ხმით - ნაოშნიკებიან ნოტებშიც შემოაღწია და შაფაქის  უძველესს ამბებშიც.
ზურიკოს „ჩაკიც“  უძლური აღმოჩნდა, - სანაცვლოდ ისეთი დაეჯღანა, აქეთ დააფრთხო ზუკუნა.




*

ისევ ის ადგილია, სადაც კარი დაგვიკეტეს.
თათა არკვევს - ჯერ ჩემოდნების მდებარეობის სასარტყლო ზონას.
მანამდე ამ ავიაკომპანიის დირექტორი მაგონდება, რომელთანაც შეხვედრა  მომდევნო კვირაში მაქვს წესით დაგეგმილ/მონიშნული სასამსახურო წიგნაკში.

საქართველოს დროით შუაღამეა და კოტე რეკავს  - პოზიციაწარდგენითა და გამოსავალის შეკითხვით - კომპანიის ქართველ დირექტორთან.

დირექტორის პასუხი - ზემოთ მოთხრობილ,  „მოლას ხმიან „ ტექსტს ემთხვევა - დაბინავებულ, მოსაწონ სასტუმროში.

მანამდე  სურათი ასეთია წინ:
თურქები    - საკმაოდ არაკომპეტენტურნია, ასეთ  დროს , - მრავალკითხვიან საკითხებში. მათთან ყველ  გასარკვევ/მოსაგვარებელ საკითხს თათა უძღვება.
რიგია  ყველგან:
შეკითხვების პასუხებზე,
დასათვალიერებელ საბარგო ოთახშიც,
კუთვნილი სასტუმროს გარკვევაზეც,
სატელეფონო ზარზეც...




*
წინა დღით, ნათია მირეკავს,
მთის დასვენება გამოიარეს და ზღვაზე წასვლამდე, შეუძლიათ აეროპორტში დამხვდნენ.
ეს ამბავი კი - ჩვენი დღევანდელი კოზირია, -
ქუთაისის რეისს ჩემები მართლაც დახვდნენ, ოღონდ ჩემოდნებს და არა მე.

*

განთიადის (ამ სიტყვაზე ზურამ დიდხანს იცინა) სურათი ასე დგას:

სასტუმროში გვაქვს ცალკე ნომრები  ორ-ორ წყვილად,
კომფორტულსაძინებლიანი აბაზანითა და ინტერნეტის მაღალი სიჩქარით,
სამჯერადი კვებით და ქალაქის შესაძლო დათვალიერების პერსპექტივით.

ჩემს ხელბარგში კი მოგვიანებით აღმოვაჩენ სათადარიგო სამოსსაც, - სიჩქარეში, ჩემოდანში ვერჩატეულს, ასევე ტელეფონისა და ბატარიის დამმუხტველ სადენებსაც და საღეჭი რეზინის თითქმის  მთელ შეკვრას.
ანუ - მაქვს მზადყოფნა - ახალი დღეებისთვის.

*

 მაინც როგორ იცინის ღმერთი, კაცის ბჭობაზედ? - ალბათ, ასე.







მე და მე


აქ შორს ხარ შენი თავიდანაც,
შორს და უფიქრო.
თითქოს ყველა ყოფიერებას ფარდა ჩამოაფარე და დროებით შუქი გამოურთე  გაღმა ოთახებს.

ღამე წვები გადასხვაფერებულ სიზმრებთან ერთად, რომელსაც ვეღარც კი ცნობ და სრულიად არ გახსოვს, რომელ დღეს ან რომელ რიცხვში იღვიძებ,
და არც ხარ ანგარიშვალდებული დღეებთან - მოვალეობებდაკავშირებებით.

ასე ხომ შორს ხარ შენი ყოველდღიურობისაგან, მაგრამ იმდენად შორს, რომ შენი თავიც გეშორება, გგონია, თითქოს ისიც თბილისში  ჩამოიტოვე შენს ადამიანებთან  და სამსახურში დატოვე, - საქაღალდეებით გადატენილ, დაულაგებელი ეკრანის წინ, - ზარებ მომლოდინედ და წერილებზე პასუხებით.

აქ სხვა ხარ თითქოს, ცოტათი ამოტრიალებულიც,
სანელებელ დანამატებით, ბევრად ლაღი და შენდა გასაკვირად, - ახალ  ხასიათ მორგებული - რომ მანძილის მიღმა არაფერზე ფიქრობ ბევრი დღეების განმავლობაში,
რომ  სულაც არ ხედავ იგივე სიზმრებს - ღამე წყალგაყოლილ ამბებიანს,
რომ მთავარი საზრუნავი დროის მხიარულად გაყვანაა,  რაც მოიცავს მზეს, ზღვას - საუზმესა და ვახშამს შორის დარჩენილი დროის დასათვალიერებელ ადგილებზე გადაცვლას  და ფიქრს - შორტს შეხამებულ ფრჩხილების ლაქსა და 10  ტონით დამცავ მზის კრემს შორის - ნარუჯი სხეულისთვის.

აღმოაჩენ, რომ თურმე ასეთი მსუბუქი ფიქრებიც  შესაძლებელია, - ყოველგვარი გონის დატანების გარეშეობით.
რომ, თურმე შეგიძლია საკმაოდ დიდხანს იყო აივანზე სავარძელს მორგებული და აუზსმოცურავე ათასი რჯულის ადამიანს უფიქროდ უყურო.
მერე გამოხვიდე შენი წარმოდგენებიდან და გადგე განზე, რომ განსხვავებები მკვეთრად გაარჩიო,  მსგავსებებიც მოინიშნო და ნარუჯი მუხლისთავები ხელახლა აიწვა ფერადი პლაჟიდან.
დაემგზავრო ელიფ შაფაქის  „40 წესს“  და დავრიშთან ერთადაც იმოგზაურო   რვა საუკუნის გადაღმა.

აქ სიჩუმეს ვერ მოუსმენ.
ეს ერთ-ერთი იმ ხმათაგანია, რაც აქ ძალზე იშვიათად ან
სულაც არ დგება.






P.s.

ესპანური არდადეგები, - ჩემი   მოგონებების    დასამახსოვრებელი დღეებიდან  - ერთ-ერთი საუკეთესო  სხივია  -
(და არა მონაკვეთი, რომელიც ორივე ბოლოდან  დასრულებულ მანძილს იტევს,
სხივს კი მხოლოდ დასაწყისი აქვს - გავრცობილი უსასრულობებით).





2015  
აგვისტო