Tuesday, October 26, 2010

უსათაურო კროასანი

დღე – სიცივეს აპირებს,
მე – გაციებას.
ფეხით სიარული მინდება და შეყვითლებულ ფერებს ვერევი ქუჩაში,
დიდი ხანია, არ დავკვირვებივარ სახეებს, ასევე დიდი ხანია ვაჩერდები საათის ციფერბლატს, ხან ძალზე სწრაფად რომ ასწრებს დიდი პატარა ისარს, ხანაც - ისე ძლიერ  ჩამორჩება მომდევნო დრომდე, რომ ჩემზე ფიქრის წამოწყების საშუალებას მაძლევს, შეხვედრათა შუალედში.
ასეთ გარემოს და შეხვედრათა 30 წუთიან დროს, - უცხელესი, ლიმნიანი და ხელგათბობის ფინჯანი ჩაი უხდება ძლიერ.
განაფიქრმა უცებ მომანდომა უშაქრო ჩაის მომჟავო არომატიც და კროასანის უგემრიელესი გემო.
მახლობლად შემჩნეული ერთადერთი კაფე – სტუმრებს აღარ ღებულობდა, - სისავსის გამო, ანუ – მხოლოდ მე არ აღმოვჩენილვარ განმუხტვის თუ დამუხტვის სურვილთან მარტო. . .
აჰა, ესეც საცხობი, ოღონდ ქუჩაში კვება ისე მძულს, რომ შიმშილს მავიწყებს. მინიატურული სარკმლიდან სურვილგამართლებისათვის ვკითხულობ სკამიანი მაგიდის შესაძლო არსებობას, ჩემდა გასაოცრად – ახლა ამ მაგიდის მიღმა ვწერ ჩაიზე მოსაყოლ ამბავს.
აქ ისეთი მოძრაობა და არათავისუფალი ადგილებიაა, თუმცა სიმშვიდე არც მიძებნია, ჩაიც ამოთავდა და კროასანს “არსებობის” 2 პატარა ნაწილიღა დარჩა. 10-12 წუთი გასულიყო მხოლოდდამხოლოდ, ჩემსავით მომლოდინენი ლამის თავს მადგნენ და ჩემს ფინჯანზე დარჩენილ პატარა ნამცეცების “აღსასრულს” მორჩილად ელოდნენ რიგში.
აქაც არ გამიმართლა, ან ეს წერა რაღას წამოვიწყე, ამას ხეტიალი სჯობდა , ფინჯნის მოცულობაც ახლაღა შევნიშნე, გამოცლის მერე, მცირეფორმიან/სიდიდის რომ ყოფილა.
დროსთან ვუმადურობ, და ფურცლებისა და დარჩენილი ერთი ლუკმის ალაგებას სასწრაფოდ ვიწყებ.
წინა საათის პატარა ამბავი მაგონდება პარალელურად, წიგნების თაროებთან რომ გამოვეპასუხე, საჩუქრის შერჩევით გაურკვევლობაში ჩავარდნილ ერთ ბიჭს, დახმარება ვცადე, თამამად გამომეპასუხა, - თქვენ რომელი ჟანრის წიგნი გაგეხარდებოდათ საჩუქრადო, - ლექსების წიგნი დავუსახელე და კარები გამოვიკეტე, - იქაც, თაროებთან და ახლა აქაც, - ფუნთუშებ/ნაზუქიან პატარა სარკმელთან.
ეს შეხვედრაც რა უადგილო საათად ჩაეჩარა ჩემი დღის განრიგს. . . .

. . . .
ხელები გამითბა