Monday, September 29, 2014

გადაადგილება შემდეგი ანუ
დაბადების დღე






5, 4, 3, 2, 1
რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეაა...

ღამის ბარია, -
სანთელანთებულ ზურას დანახვაზე ღიმილს ვერ ვფარავ, 
ბავშვები  მღერიან ჩემთვის და
ამაღამ ჩემი დაბადების დღე დგება.


მერე სურვილებია, კარგ-ლამაზ მოგონებიანი დღეებით.


ამბავი კი ასე იწყება:

ჩანთებაკრულები  ქალაქს ვტოვებთ და, არც ისე დიდი დროის შემდეგ,
ბორჯომში,  სასტუმროს ნომრებს ვუთვალიერებთ ერთმანეთს.
შვიდნი ვართ, - წინა მოგზაურობაში  ნაპოვნი ადამიანები, დღეს ბევრად უფრო ახლობელნი,  ვიდრე გასულ წელს, - თათას მიერ გაერთიანებულები, -  ერთმანეთს შემოვრჩით ახლაც და მგონია, ასე იქნება სულ.





სასტუმროს ეზოში ღია ელექტრო მობილი დგას.
მძღოლს ნუგზარი ჰქვია და პარკამდე გადაადგილებას გვთავაზობს,
(რომელიც ჯერ ძლიერ გააოცა ჩვენმა ჟრიამულმა ქუჩებში,
მერე შეგვეჩვია კიდეც და მოკითხვასაც შეგვპირდა,  სასტუმროში დაბრუნებით.)


მხიარულია ფოტოკადრები...




ზურა   
კაზანტიპის ცეკვებს ასრულებს გამოცარიელებული პარკის ატრაქციონებზე,
ხანაც „მზის სხივის გარდატეხვის კადრის ფონზე  „გვაშეშებს“  და,  რაც მთავარია,
სჯერა თავისივე  ამოჩემებული „რისკ ბლაგაროდნიე შანსის“.



ხედებია ულამაზესი,
ამწვანებულ ნაძვნარში შერეული  ხეების სიყვითლე ბორჯომს შემოდგომად ამხელს.
მოვედეთ გზას და ტყეს, ვართ ტურისტები - საკუთარ ქვეყანაში.
ლამაზია ეს მხარე - მზით, ჰაერით  და წყლით გადავსებული.




საბაგიროს გზაა,
ბევრია სიმაღლეც, 370 მ-ზე მეტი.
მაიკო პანიკაშია, თვალდახუჭული მგზავრობს და ხელებს ასავსავებს, -
არ შველის თანაგამომყოლი მუშაკის ნუგეში.  
ირაკლი ცას უყურებს, - სიმაღლის შიში ჰქონია და მხოლოდ მეორე გზაზე ამხელს ამას.




იგივე მაიკოს  
 ყველაფერი ან პათოლოგიურად უყვარს, ან აშინებს,
აქვს აბაზანასთან დაკავშირებით ხანგრძლივი რიტუალური პროცესი და საგნებ/ადგილების კნინობით/ალერსობითი ტერმინოლოგია, -
ჰოდა ასე მოხვდა   „ლოპოტკის ნაცვლად  - ბორჯომკის“ ტერიტორიაზე.




მანჩო
ახლა ჩვენი „მასპინძელია“, -და  ძლიერ გახარებული - ჩვენი ნათელი, კმაყოფილი სახეებით.
გვახსენებს - კვების, ყავასმის დროებს და სასტუმროს შინაგანაწესს  - ზედმიწევნით.
საოცრად კეთილია , ბავშვურად მხიარული და გამჭირვალე - ხასიათიანია.

ჩვენი მომდევნო გადაადგილებებისას, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მუდამ ერთ ნომერში მოვხვდებით.




თათა 
ყველა ეპიზოდის ამბებშემგროვებელია, რაც ერთად დაგვმართნია ჯგუფში.
ჩვენი ხასიათის მშიფრავ/მამხილებელი, და რასაკვირველია, - გუნდის გენერალი.



ირაკლი 
თანმიმდევრობით ჰყვება ჩვენთან პირველშეხვედრის ამბებზე, - მაგალითად, მაიკოს შლაპიან შეკითხვებზე და ჩემს წიგნებიან მოგზაურობაზე.




ნუგზარი -  
სან/მარინოშია,
უკვე აღარ გვიკომენტარებს აქაურ პოსტებს.
მაინც არ მჯერა, რომ იტალიაზე გაცვლიდა ამ ვოიაჟს, 
თუმცა სურვილს ასე გამოხატავდა წასვლამდე.

ვაღიარებ, რომ დამაკლდა იუმორში, ფრიად.


ლელა
საქორწინო მოგზაურობაშია,
პარიზთან ბორჯომი - რა მოსატანია, 
თუმცა არავინ არც აპირისპირებს ერთმანეთს.

(მხოლოდ ავხსენი მისი აქ არ ყოფნის კარგი მიზეზი.)


მარინა დეიდა, - 
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია,
მისი თუნდაც ერთხელ ნათქვამი „ჩემო სიცოცხლე“, - ხანჯლებს აბლაგვებს.
ძლიერ პოზიტივი და კარგხასიათობაა მის გვერდით.




მომდევნო კადრი - ასეთი მახსენდება:

ღამის სასტუმროა,
ყაზახი სტუმრები ძლიერ ილხენენ სიმღერების ფონზე,
აი, ზურას წრეშემოვლა ღია აუზზე  - 
გარშემო ყველას ადგილზე აბრუნებს,რასაკვირველია,
რადგან ცეკვავს როკვით, აზიურ ჰანგებთან მიმართებაში და
ტანშემოძარცვებით...




და რა მნიშვნელობა აქვს ახლა, თუ ჰაერის ტემპერატურას  ჩემი მობილური 6 გრადუსს აჩვენებს.




ტიტანიკი, ცეკვა ბალიშებით  - ანუ მაიკოს დაბიდუბი



ბარში მომუშავე პერსონებს მგონი, უკვე აღარ სჯერათ, რომ
ერთ-ერთი ჩვენთაგანის დაბადების დღეა კვლავ. –
ასე თანმიმდევრული და ყოველდღიური გრაფიკით.

მარტინი ღვინოს ეჯიბრება და
ამბებს ხალისით აცოცხლებს.



ამ ადამიანებმა, ჩემი დღეობა, ერთ-ერთ ყველაზე სამახსოვრო დღედ გადამიქციეს
და გამორჩეულად დამამახსოვრეს...


* * * 
წამოსვლა - არ იყო გულდაწყვეტა,
რადგან ვიცით მომდევნოები -
ახლო დღეებშიც  და  მომავალი  წლის  ამბებშიც.





პ.ს.      34-ის გავხდი და სულაც არ მომიხედია უკან ჯერ. J





29 სექტემბერი, 2014