Saturday, March 5, 2011

ნუ დამაჯერებ... /ლექსებზე მინაწერ/

ყველა ფერი ბგერაა, შვიდივე ნოტით,

შედედებული ჰაერი – დუმილის ხავსია იოგებზე.

წყვილმზეჩასული თვალებით შეიძლება – ვარსკვლავების ნაპერწკლებად დაცვენილი ზეცაც დაინახო და ქიმერებიც, –

ჰორიზონტზე გამობმული ნოტიო მზერაც და

ლანდად დადევნებული ბავშვობაც.

წვიმის secret garden” ისევ არაფრობის მსგავსია,

ფერწართმეული და ნაამბორალი თითებივით, –

ფანჯრებამთქნარებულ დილის ქალაქიდან.

ნუ დამაჯერებ!

რომ თუნდაც ერთი, ცაზეთვალისმოწყვეტა წამის, –

უშენობამისჯას ჰგავს,

ჰაშიშნაწევ ღამესთან წილნაყრილს,

გადახნულ ფსკერზე ჩარჩენილ სიყვარულს,

რომელსაც ხვატისაგან გამირაჟებული ხეოფსის ფერი აქვს.

გაზაფხულობანატრულობა,

სულელი შინდი,

ლექსებით სულგაწვალებული დილა და

ცხრაღიმილ დავარდნა ბებერციხესთან...

ჰოდა

მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს, – არ ვერჩი.

რომ დილის არაზუსტი ლექსივით,

დახუჭულმა თვალებმა იღვიძოს მთვარის, –

გატეხილი ფარნის შუქზე, –

გამოგონილი სიკვდილის სასთუმალთან,

რომ ჯერ გამოიგონო, –რისი ახდენაც გწადია,

და მერე რექვიემზე იმღერო,

ხელებჩაჭიდებამდე,

ნერვებგადაყვლეფილ წამებს, სიკვდილი გამოუგონო...

ხომ ხედავ, ჭრელი ხე იხუნძლება, სურვილების სიჭრელით,

დღეს სხვანაირად ძნელია, გენდო.

ალიხე,

მალიხე,

სალიხე...