Friday, December 25, 2009

ნუღარ....

თავიდან გაგიცანი,
ღიმილს გამოვედევნე.
სიტყვები – გაუხერხულდა
დაიბლანდა წარმოთქმამდე და
ვერ გადმოსცდა ფილტვებს ჰაერთან.
თვალებმა გამცეს,
კიდევ – გაყინულმა თითებმაც, -
სითბოს საძეიბლად რომ დაიწყეს ნელი სვლა
თვალიდან გულამდე, მხრების გამოტოვებით,
ხელზე მოგეჭიდე და ვერ გამხილე გრძნობად.
ვერ ავირჩიე ფიქრი – შეჩერებასა და წასვლას შორის,
ადევნებასა თუ დარჩენის ზღვართან.
არც დამეხმარე,
ვერც დამიხსენი.
გავვორდი,
შენით და ჩემით დავიწყე ხედვა,
ამერიე -
ფერებში,
გონებაში,
მომავალში,
წარსულში.
ვერ მომიპოვე, - თუმცა არც გიძებნივარ
ვერ შემნიშნე და
ვერც გამომიცანი.


ასე, რომ გთხოვ,
ნუღარ მესიზმრები

Thursday, December 24, 2009

შობას...

  
ახლა შობის ღამე შენსავით ლამაზია 
  და სევდიანიც; 
სიზმრებიდან წამოყოლილი შენზე ფიქრები 
  მხიარულიცაა და ცრემლიანიც; 
მიმწუხრამდე წუთებს 
  შენი ღიმილებით ავითვლი, 
შობის ღამეს ჩაგიფიქრებ და 
  დავითვლი: 
ვიდრე მოსვლამდე, 
  ლექსების მოძღვნამდე, 
  ალერსით მორთვამდე 
  და შობამდე! 
შობის ღამეს კი. . . 
საშობაო ზღაპარივით მიამბობ 
ჩემგან ათვლილ წუთებს, 
გაათბობ გულებს, - 
  შობას ღამეს რომ უთევს. 
მერე შენი სიზმრების პერსონაჟად 
  მაქცევ, 
ჩემთან შეხვედრას, - 
  ლექსებად აქცევ 
და მამხელ: 
  ფიქრებად, 
  რითმებად, 
  მზისფერად. . . 
და გადამავიწყებ 
  ყველაფერს ქვეყნად, 
მანამდე?! 
შობის ღამესავით, 
  დარჩები ჩემთან. 

2007