Friday, October 9, 2009

შემოდგომაგვიანობისას

თითქმის ყველაფერი შეცვლილი დამიხვდა. ერთ დროს მოჭარბებულ ყვითელ ფერებს ახლა ქარი მიწაზე ანანავებდა, გამოსათხოვარი საშემოდგომო სიმღერასავით. ხეები დაბერებულიყვნენ ზაფხულიდან მოყოლებული. ზამთრის მოლოდინში ყვავილი გაეშალათ ქრიზანთემებსაც. 
ყველაზე მეტად ბუხარი მხიარულებდა, ხმამაღალ ტკაცანს შემოსძახებდა და გამურულ თუჯს გულში იკრავდა. გატიტვლებულ კენწეროებს ახლა მხოლოდ ხურმა შემოენახათ შემოდგომაგვიანობისას. 
მძიმედ სუნთქავდა საწნახელიც. დამეგობრებული აკიდოებიც ერთად შეკრებილიყვნენ მაღალ ხარიხებზე, მომცინარ მანდარინებს ამაყად გადმოსცქეროდნენ მაღლიდან. ყვითელი ყვავილების გუნდი წიწაკებს გაბუტვოდნენ და მათი საპირისპირო მხარე აერჩიათ.
 ღვინის სურნელს მთელი მარანი გამოეთრო. ბოცები მხართეძოზე წამოწოლილიყვნენ და ბუტბუტით თვლემდნენ. 
ნალიიდან სიმინდის ათასობით ტარო მარანში მოხვედრაზე ოცნებობდა. უკვირდათ, ასე ხშირად რად ჭრიალებდა ის კარები, მათგან განსხავებით. სამაგიეროდ, ყველა ტარო მოუთმენლად ელოდა შეღამებას, რომ კიდევ ერთხელ გაკეკლუცებოდნენ მთვარეს, ასე ხშირად რომ სტუმრობდა მათ. 
სადღა იყვნენ პატარა წიწილები, ეზოში ავად მომზირალი დეზებიანი მამლები ჯარისკაცებივით დააბიჯებდნენ. 
მურია კი ისეთივე სულელი და თბილი, უბოროტო და საწყალთვალებიანი კვლავაც.  
შემოდგომა დამშვიდებულიყო და ზამთარს მოუთმენლად ელოდა, რათა ჩაებარებინა მისთვის ეს ყველაფერი, ჭიქაც აეწია, კრიმანჭულიც შემოეძახა, რომ მერე მშვიდად გასდგომოდა გზას, შორეულს, ვიდრე მოსვლამდე. . .