Wednesday, September 30, 2009

(გა)თენება

კუპრივით ჩაშავებულ ცას 
ოდნავ შეპარვია ჭაღარა... 
ზესკნელი დარჩენილა 
იდუმალების ამარა. 
რიჟრაჟს საკინძე ჩაუხსნია 
ღამის წყვდიადისთვის, 
ცისკარს ფერი გაუცლია 
ვარსკვლავთ კიაფისთვის. 
ღრუბელთა ქულა, სევდისმომგვრელად 
ზეცას მიბჯენოდა, 
ცეცხლშემოგზნებული, მწველი ჩურჩული კი 
სიზმრებს მიმღეროდა. 
სულმოკლე ღამეს დღის შესახვედრად 
მიეჩქარებოდა, 
ლაჟვარდის ფერი, მდუმარე ყვავილთ 
მიედარებოდა. 
ვარსკვლავთა ბრწყინვა იდუმალდებოდა 
ლაბირინთებში და 
მირაჟის ხილვა ახლოვდებოდა შენს 
ლაღ ღიმილებში და... 
სინამდვილდებოდა წამების ათვლა, - 
დღე შენდებოდა... 

და თენდებოდა...


ლექსებამდე...

...ერთმანეთს დავეკარგეთ და

გადავავიწყდით...
წარსულს გამოვედევნეთ და
ვერ ავხსენით, - 
რას ვითხოვდით მარადისობასთან...

მზის მონაშუქზე თვალები დავხუჭე და
ვერ დაგინახე,
ვერც მხარგაშლილი და
ვეღარც - მზის გარეშე,
ბევრი გეძებე, მაგრამ
შუქმა მიმატოვა, თვალებდახუჭული,
აღარ დამელოდა...

მზეს ვენდე,
მზემ - დამტოვა...
შუქმოკლებულ ფერს შემატოვა,
მხოლოდდამხოლოდ...

ახლა ვშორეულობ,
წარსულგამოუდევნებლად.

ვივიწყებ მარადისობასთან გარიგებას
და დროს ვუთვალთვალებ,
დაღმართზე ჩარბენილი ბავშვის სიცელქით, - 
ხელიდან დამსხლტარ დროს…

თვალები -  შენზე გადაფიქრების უკან დასაბრუნებლად 
ისევე იხუჭება.

…ლექსები მესიზმრება. .

Sunday, September 6, 2009

მზის სამხილის ძიებაში

 (ნატას მივაწერე)

გემოწმე...

შემეხე ხორც,
ორ ცდად,
არ ცოდვად,
მზის სამხილად,
ტანში ჩაგუბებულ სითხედ...

შემეხე
ჭრილობად,
ნიადაგად,
წყლულებზე - ნეშომპალა სალბუნად,
ნაიარევზე - შოშიების საბუდრად...
შემეხე დღენაკლულს,
დამსკდარ კანზე,
საუკუნედ დამაფინე გაზაფხული, 
ძირს ჩამომიფრინე
ხეთა კენწეროებზე შესახლებული
სურვილები

და

შემისისხლხორცდი...

შემეხე
სისხლ
ხორც
ცდით...

დაგერწმუნები...
დაგემოწმები...
შეხებით...

გაძარცვული მოხეტიალე

...შენზე გავიფიქრე და...

მზერა - ღიმილში გაგიცვალე,
ქუჩა - ნაბიჯში,
ლექსი - მარცვლებად დაგიშალე და
დავფიქრდი...
უკან მოვიხედე და
გავკვირდი...

შემოდგომა დაცვენილიყო, ფოთლებიანად
ჩემს ირგვლივ,
ხეები ურცხვად იწყებდნენ გაშიშვლებას და
სულაც არ ნაღვლობდნენ სამოსის შემოძარცვას...

...მერე ფანჯრის მიღმა აღმოვჩნდი,
ზღვარზე...
სადაც ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ:
ღიმილითაც, 
შეგუბებული ცრემლებითაც,
უმოტივოდ და 
ცერემონიითაც...
ხელის მსუბუქი მოძრაობით, - 
ზოგჯერ ამბორგამოყოლილითაც...

და გამჭირვალე მინაც მეისტორიობდა,
წლებს ჩამოტეხილი 
დროის ერთი მცირე სეგმენტით...

...მერე სიჩუმეში ხეტიალი მომინდა,
მაგრამ ვერ შევძელი, - 
ჰაერი ხმაურიანი,
ყველა სკამი კი - დაკავებული აღმოჩნდა.

ფეხქვეშ ფოთლები ამიკვნესდნენ და
შემაჩვენეს, - შეუმჩნევლობისთვის...

...მერე სუფრასთან აღმოვჩნდი,
სადაც ყველა შენიღბული სახე გაცხადდა,
სადაც ყველა სიტყვა უფრო განამდვილდა და
გალაღდა...

ჭიქას გავხედე...
ღვინით სავსე ჭიქის მიღმა, ყველაფერი წითლად შეიღება...

მზემაც სისხლისფრად დაიწყო ჩასვლა,
მიმწუხრის ჟამს და
დაღამდა...

ფიქრიც დაიღალა და
დამთავრდა...
ნაბიჯი - გათავდა...

წლებმა შევერცხლილი წლები ჩამოივარცხნა და
გამძარცვა...