Wednesday, September 30, 2009

ლექსებამდე...

...ერთმანეთს დავეკარგეთ და

გადავავიწყდით...
წარსულს გამოვედევნეთ და
ვერ ავხსენით, - 
რას ვითხოვდით მარადისობასთან...

მზის მონაშუქზე თვალები დავხუჭე და
ვერ დაგინახე,
ვერც მხარგაშლილი და
ვეღარც - მზის გარეშე,
ბევრი გეძებე, მაგრამ
შუქმა მიმატოვა, თვალებდახუჭული,
აღარ დამელოდა...

მზეს ვენდე,
მზემ - დამტოვა...
შუქმოკლებულ ფერს შემატოვა,
მხოლოდდამხოლოდ...

ახლა ვშორეულობ,
წარსულგამოუდევნებლად.

ვივიწყებ მარადისობასთან გარიგებას
და დროს ვუთვალთვალებ,
დაღმართზე ჩარბენილი ბავშვის სიცელქით, - 
ხელიდან დამსხლტარ დროს…

თვალები -  შენზე გადაფიქრების უკან დასაბრუნებლად 
ისევე იხუჭება.

…ლექსები მესიზმრება. .

No comments:

Post a Comment