Friday, July 31, 2009

თვალებით – გულისკენ

(განწყობის ლექსად)
მე გამხელ –
შენ ახლა ზღვარზე ხარ,
მიღმას და გადმოღმას შორისით,
ქაოტურ ძარღვებსაც დაისკვლეც
სიტყვების ნაგუბებ,
შორი გზით
დაჰყვები წვიმიან ქალაქის
სველ ქუჩებს,
მტვრიანი ფიქრების სარეცხად,
რომ ვერ გაამჟღავნო ნეგატივი,
თვალიდან დაწყებულ – გულამდე ამბების
სამხელად.
რადგანაც იცი, რომ
გონიდან დაძრული ლანდები,
თვალიდან – გულისკენ,
იწყებენ ლაციცს, რომ
რაფსოდია უმღერონ
იმპულსურ ნაფიქრებს,
ვიდრე აკრძალვამდე –
ფიქრების მარტვილით,
არადა, შეშლამდე ისეთი ახლოა,
კანის სისქისა და
გულამდე მანძილის.
ნაბიჯებს უზომავ ფიქრის მოძრაობას
და აშთობ, ვიდრემდე წინადადებების,
იბნევა მარცვლები –
ნაკრეფი ხედვებით,
ბგერებით,
გონებით,
თვალებით – გულისკენ,
მერე კი იწყება აკრძალვა, -
გულამდე შეღწევის,
აქ დასასრულობის დიდ აბრას დაკიდებ,
რომ აღარ გჯეროდეს უსასრულობების.
შენიდან ჩემამდე
თითო ნაბიჯია,
თვალიდან გულამდე,
ზღვრამდე და მის მიღმა,
შენ მაინც ვერ ხვდები ნაბიჯის სიმოკლეს,
კანის სისქისა და მანძილის- გულს მოღმა.

.. . . . . . . .
არადა, შეშლამდე ისეთი ახლოა . . .

Tuesday, July 28, 2009

უჯრედებით

(ხასიათზე - უჯრედებამდე...
ნეგატივივით ქალაქში...)



უჯრედებიდან – 
წვეთ-წვეთობით 
შევსებამდე,
უმზეობიდან – 
ნაბიჯ-ნაბიჯ
შეხვედრამდე.
ფიქრწამოკიდებულ-სურვილიან
შავ-თეთრი ფოტო-კადრით,
უსულო გრძნობად გაშეშებული 
წითელი ფერით
და წვიმისფერი ხასიათით გადაჟღენთილი.
უჯრედები იკუმშება 
შენი თქმით,
კუთხეები ირკალება
აუკინძავი ემოციით,
რომელიც
უჯრედებში მატრიოშკებად ჩალაგებულ 
უზომობას ჰგავს,
ნებისყოფა – 
დამსხვრეულ ნაწილაკებს,
ურთულესი კომბიანაციებით ასაწყობ ფიგურებს.
მაკიაჟ გადაცლილ სახეს
სიცივე ნერვიული სვლით ფარავს. 
დამტვერილ უჯრედებში 
სიმშვიდე იცვლის მიმართულებას, - 
პულსის დათვლამდე. 
ვერასდროს გთხოვ:
მათხოვო შენი ლექსიკონი, - 
ნეგატივის გამჟღავნებამდე,
მაჩუქო - ტილოს ეკრანიდან ჩამოხსნილი,
შენი დასიზმრებული სიზმარი, -
დღეების მარტოობით – 
ცხადში გამოგრძელებულად.
ან -  
მუჭით შეგროვებული ნამცეცები – 
აკვარიუმის თევზებისათვის.
რომ თვალებჯერ და სულჯერ ნამრავლი
ვეღარ გაუტოლდეს ნულს.  
უჯრედები ივსებენ ცარიელ სივრცეებს,
ვიდრე – გაქცევამდე,
ვიდრე – ბოლომდე,
დასასრულამდე. 

რომ ქუჩებს ადევნებული -
მარტო აღარ მარტოობდეს დღე
და თან - ძალიან ყოველთვის.

. . . . . . . . .

შენი მზით,
შენი სვლით,
შენით.

Monday, July 27, 2009

მზის მონოლოგი

მზეზე მინდა დავწერო. . . 
ასე მგონია, შეუვსებელი ვარ და ყოველთვის რაღაც მაკლდება მთლიანობამდე.
ფანჯარას ვაღებ, ოთახის სხივებით შესავსებად. ახლა მარტო ვეღარ ვარ, სხივები დალიცლიცებენ ჩემს თავზე და ჰაერის შემადგენელ მტვრის ათასობით პაწაწინა ნაწილაკებს ამჭირვალებენ. ალბათ, ჩვენც სამყაროს ასეთივე წერტილები ვართ, თუმცა – ვინ იცის .. .
ფიქრის დაწყებაც მეზარება. ვიცი, რომ აზვინდება და მთად იქცევა, რომელსაც ვეღარ გადავივლი, ისევ შემეურჩება დამძიმებული სხეული და თავს მიმატოვებინებს შუა გზამდე.
ახლა იმას ვგეგმავ, რა ჩავანაცვლო აზვინებამდე დაწყებულ ფიქრს.
სხივებს ადევნებული თვალების წინ აბრჭყვიალებული მტვრის ათასობით ნაწილაკი კი სწრაფ ტაქტში მოძრაობენ. ვამჩნევ, თუკი სხივებს დიდხანს დავიტოვებ ოთახში, ყველა წერტილი ფიქრად იქცევა და აღარ დაეტევა ჩემს პატარა სივრცეში.
ერთი წუთით წარმოვიდგენ, რომ მზის წერტილების ქვეყანაში ვარ, მხოლოდ სხივებთან და წერტილოვანი ნაწილაკების გვერდით, უდიდეს და ულამაზეს სივრცეში, - მხოლოდდამხოლოდ და მხოლოდშობილად. აქ არ არსებობს ფიქრის წამოწყების მიზეზი, არც ფიქრის ისტორია, მითუმეტეს – დამძიმებული სხეული. აქ მზემდე სავალი გზა და ბევრი ნათელი შუქია, აქ სიკაშკაშეა, მაგრამ მარტოობაც, მზემდე მარტოობა. აქედან სინათლს წელიწადის ვერდათვლილი დროა, რომელსაც ვერასდროს დახარჯავ და ვერც გამოიყენებ, თუკი ფიქრის მოშორებას განიზრახავ.
ახლა ბავშვობაწაკითხული ზღაპარი მომაგონდა “მზის ბაჭიების ქვეყანაში”, სხივებს მზემდე წაყოლილი მთავარი გმირითა და უსაკვებო სივრცით, უწონადო სხეულებითა და მზის ყვავილებით გადავსებული ზღაპარი.
მზეს მინდა მოვუყვე ჩემი ზღაპარი, რომელიც ყველაზე უცნაური და რაღაცნაირი იქნება. მზემ რომ მომისმინოს და გამიღიმოს, სხივები გამომიწოდოს და თავბრუ დამახვიოს გულში ჩაკვრით. მერე რომ ასე დაბნეულმა ვიარო მტვრის ათას პაწაწინა ნაწილაკებში და ვერ შევნიშნო სხივებზე მათი გამომჭირვალება.
. . .ახლა დაშვების დროა, მტვრის ქვეყანაში დაბრუნების, ყინვისფერ ცაზე შორეული მზიანობის, სიცხადის თვალებში ჩახედვის, მთის გადავლის დრო, ალბათ ასე . . .
მგონი, ფიქრები მეწყებიან და სხეულს მიმძიმებენ. ჰო, სულჩამსახლებულ ნაწილებს ვაგროვებ – შევსებამდე, რომ მთელი ეს უბრალოება შევაფერადო, უფიქრობამდე ფეხით გადავცდე მზის ბილიკებს, რომ შემრჩეს მზისგან წამოყოლილი რაღაცნაირობის განცდა, რომ ამდენ წერტილოვან ამბავს თავი მოვუყარო და გავაერთმთლიანო. . .

. . . ჩამესახლე . . .

. . .

Thursday, July 23, 2009

"ჩემი ხედვის არეალი"...

ახლაც მინაზე ცხვირმიჭყლეტით გავყურებ ქუჩას,
ძლიერად წვიმისფერებიანს,
წვეთები ისე გამეტებით ეცემა ახალ მოასფალტებულ ეზოს, 
თითქოს მისი გაღიავება სურს.

ოთახის სიჩუმეს საინფორმაციო ამბები ახმაურებს და 
ამ სიჩუმეს შეფარებულ ტაქტიან ბგერებს
უსწორმასწორო ქაოსში ახვევს., - 
ასეთივე ქაოსური და ნეგატიური ნიუსებით.

ჩემი ოთახის მეგობარი ჯერ არ დაბრუნებულა და
ამიტომაც სიჩუმეს უბგერობებით მეც თანავუგრძნობ.,
თუმცა რაღა სიჩუმეს,
მაგიდის სიღრმიდან ინფორმაციული ტალღა 
მდინარესავით მეღვრება ისე, ლამის თან წამლეკოს
საიტიანმა ინფორმაციულობამ.

წვიმაზე აწყობილი სიტყვები მაგონდება და
ჩემს ინტერნეტ-მეგობარს ვაკითხებ,
სულ რომ ვეხმაურები და ვეკამათები, - მას.
ამას წინათ, თავისი გარემოს დათვალიერება ვთხოვე და
რაღაც მომიმიზეზა, ალბათ, ბავშვობისას 
სურათის აღწერას შემიდარა და 
ჩემზე გაოცების შეკავება მაინც შეძლო. 
არადა, ძალიან მარტივია ასე საუბარი: - 

ჩემი მაგიდა მიმოფანტულნივთებიანია:
ბაინდერები, "ძმობილური", სკრეპებიან-სტეპლერებიან-კალმისტარებიანი ყუთით, 
ჩაის მწვანე ჭიქიანიც, ყავის სმის ფუნქციასაც რომ ვუთავსებ, 
ჭრელფურცლიანი პატარა ქაღალდები – 
ინფორმაციულ-ნომრებით აქაოსებული,
რადიო ფლეერითა და დინამიკებით.
და ბოლო შტრიხად, - ეკრანი, - 
მთავარი საინფორმაციო წყარო და ამ სიჩუმის განმფანტველი,
ათამდე გახსნილი ფანჯარა და 
მწვანე სკაიპის ნიშნულით დასრულებული….

სულ ესაა ჩემი თვალსაწიერი.
რთულია სურათის აღწერა? – 
მგონი, სულ არ!


(აქ ღიმილის სმაილია…)……

(გ)აცხადებული სურვილი

ახლა იცით რა ემოციაა,
როგორი შეგრძნება?

აი, დაახლოებით ისეთი: - სულ ეს იყოო, რომ იტყვი და უკანმოუხედავად ჩამოიტოვებ გავლილ გზას (ნუ, ამჯერად საცდელ მოედანს),
რომ ვერ იგრძნობ იმ განცდას, 
“მწვერვალამდე” რომ გეგონა,
თუმცა, სიმსუბუქე და ფიქრი, რომ 
ეს კოშმარული, ყოველკვირეული ნერვიულობა დამთავრდა,
ხვატ მზეში – ნიავს მოტანილ სიგრილეს ჰგავს და
მოგვიანებით გახვედრებს – ამ წუთების გემოს…

აუუ, მაინც რა მაგრობაა…
ჯერ ის, რომ, ადამიანებს, რომელსაც არ/ვერ აჯერებ შენს შესაძლებლობებში – დღეს გაღიარებენ, მეორე, ის, რომ, რაც აქამდე მოგწონდა თავად – შენც შეგიძლია განახორციელო, 
კიდევ ისიც, საკუთარ თავს რომ დაუმტკიცებ – მიზანი, რომ ამართლებს საშუალებას…
და თავის რწმენას დაიბრუნებ ….

ახლა სამყაროს ავუწევ ხმას, სულ ოდნავ, დიეზით და 
რითმებს დავდებ, ისე, ჩემი განწყობისთვის. . . 

პ.ს. (ჰო, მართლა, ჰარვარდში კი არ ჩამიბარებია. . . მართვის მოწმობის სურვილს გამოვედევნე აქამომდე ... 

გთვლი


ცის
ფერ
დარ
გთვლი . . . 
მზის
ქვეშ
ზე
ფიქრ . . .
ქარ
ბგერ
წამ
ღიმ. . .
ირიბ
ხედვებით
გღლი
და
ვშლი:
სიზმარს, - 
ღამე-ღამედ,
ღიმილს, - 
შინ და გარეთ,
სიტყვებს, - 
შენამდე და მერე . . .
და
ვთვლი:
მზეს, - 
რომ მაცოცხლოს,
თითებს, - 
რომ გამათბოს,
ნოტებს, - 
რომ დამათროს,
და
გამამეოროს:
მზის
ფერ
დარ,
და
შენთვის. . . 
. . .
გთვლი . . .







Wednesday, July 22, 2009

უკანდაბრუნებული კადრი...

იცი, როგორი შეგრძნება იყო?
აი, ნერწყვს რომ ხმაურით გადაყლაპავ და სიჩუმეს რომ ამ “ხმაურით” გაარღვევ., წამის მეასედზე ყველა ფიქრს ერთად აიღებ და შეკონავ ფუნჯივით, ოღონდ არა თანწყობილად, - აბურდულად, და წამის მეასედს მორჩენილ დროს რომ გააშეშებ უკადროდ, და უფიქროდ. 
აუუუ, რამდენი დროააა, ვიდრე ჩასვლამდე და
ჩასვლის მერე – რამდენი ადამიანი,
კიდევ, - რამდენი მზეა და რამდენი დღე – მომდევნო აქ მოხვედრილ წამამდე…

მანმადე დილა იყო,
ადრიანი და გრილი,
ნუ – იმედიანიც.
მერე გზა დაგრძელდა, მშვიდ მუსიკასთან, გრილ ჰაერთან, რამდენიმე ადამიანთან და ფეხების ცახცახთან ერთად.

შეშინებული შეგრძნება არ მტოვებს დღესაც,
ლოდინის ბაქანი – უიმედობისკენ მიმაქანებს,
33-ჯერ მებლანდება თითებში უფლის თხოვნა,
გვარის გაგონებას – ხან კედელთან ზურგით მიყვანასავით ველი, სანგრის პირას, ხანაც – ემოციის დასასრულად, რომ გაურკვევლობა დავამთავრო.

მთელ სხეულზე სიტყვები მაცვივა,
მხრებზე, ყურებთან, თვალებზე, თითებზე, მუხლის თავებთან...
ყველა – ერთი შინაარსისაა,
აქ გასავლელ გზას უკავშირდება, უკვე ბევრჯერ.

ფიქრისგან გონება მერევა,
შიშისგან – ხედვა,
33-ჯერ სათქმელს უკვე მერამდენედ ვატოვებ შუა გზაში.

მალე ჩემი დროც მოდის, 
ზუსტად ვიცი, ვის მერე უნდა ვიყო.
ვერ გავიგე , საერთოდ როგორ ჯობია:
როცა არ იცი, ყოველი 4.-7.5 წუთის მერე ვინ დაცდებათ გვარებად (რომელსაც ისე დაძაბული ვაკვირდები, რომ სიტყვის დაცდენამდე ვიცი, ვისი ჯერია), 
თუ 2-ით ადრე და წინასწარ გამზადებენ სავერდიქტო განჩინებად.


“მომდევნო კვირამდე” – ფრაზამ გააცოცხლა ფრაგმენტული კადრი.

მერე დრო კინოკადრივით დატრიალდა,
ოღონდ პირიქით:
ხალხი,
მზე,
მანქანა,
მუსიკა,
გრილი ჰაერი
და
დილის ადგილი:
შეხვედრის და დამშვიდობების. . . 
ვიდრე მომდევნო კვირამდე. . . 

.....
ხვალ ისევ გამოცდა მაქვს, საპატრულოში,

იგივე შეგრძნებებით და ემოციებით გადავსებული,

ვითვლი,  კიდევ "რამდენი სიცოცხლე" დამრჩა გამოსაყენებელი....

Ich komme...

...ეს ადგილი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, - 
ერთი ძალიან ადამიანის ავატარიდან...

არ ვიცი, რამდენად გავართმევ თავს აქაურობას,
ჯერ-ჯერობით, - უცხო ქალაქსა ყარიბ მოხეტიალესავით...

ალბათ, მეც ხმამაღლა ფიქრი მომინდა და
ახალი დღეების გამომზეურება.

მანმადე სხვა საიტი მაფიქრებდა,
თავ/სულშესაფარ ნავსაყუდელივით,
თანამეგზურობას რომ მიწევდა დიდი ხნით,
ბევრი კარგი ნაწარმოებები წამოვიყოლე, 
ბევრი კარგი ადამიანი დამამახსოვრდა,
ბევრი ნაცნობობა დღემდე გამომყვა...

რატომ ძველზე საუბარი?
იმად, რომ ისევ მომინდა 
შევსება,
გაზიარება,
განაწილება,
შეფასება, - 
ნაფიქრის,
განცდილის,
აღქმულის,
წაკითხულის...


ათვლას ვიწყებ - 
ვიდრე დასასრულამდე...