Wednesday, July 22, 2009

უკანდაბრუნებული კადრი...

იცი, როგორი შეგრძნება იყო?
აი, ნერწყვს რომ ხმაურით გადაყლაპავ და სიჩუმეს რომ ამ “ხმაურით” გაარღვევ., წამის მეასედზე ყველა ფიქრს ერთად აიღებ და შეკონავ ფუნჯივით, ოღონდ არა თანწყობილად, - აბურდულად, და წამის მეასედს მორჩენილ დროს რომ გააშეშებ უკადროდ, და უფიქროდ. 
აუუუ, რამდენი დროააა, ვიდრე ჩასვლამდე და
ჩასვლის მერე – რამდენი ადამიანი,
კიდევ, - რამდენი მზეა და რამდენი დღე – მომდევნო აქ მოხვედრილ წამამდე…

მანმადე დილა იყო,
ადრიანი და გრილი,
ნუ – იმედიანიც.
მერე გზა დაგრძელდა, მშვიდ მუსიკასთან, გრილ ჰაერთან, რამდენიმე ადამიანთან და ფეხების ცახცახთან ერთად.

შეშინებული შეგრძნება არ მტოვებს დღესაც,
ლოდინის ბაქანი – უიმედობისკენ მიმაქანებს,
33-ჯერ მებლანდება თითებში უფლის თხოვნა,
გვარის გაგონებას – ხან კედელთან ზურგით მიყვანასავით ველი, სანგრის პირას, ხანაც – ემოციის დასასრულად, რომ გაურკვევლობა დავამთავრო.

მთელ სხეულზე სიტყვები მაცვივა,
მხრებზე, ყურებთან, თვალებზე, თითებზე, მუხლის თავებთან...
ყველა – ერთი შინაარსისაა,
აქ გასავლელ გზას უკავშირდება, უკვე ბევრჯერ.

ფიქრისგან გონება მერევა,
შიშისგან – ხედვა,
33-ჯერ სათქმელს უკვე მერამდენედ ვატოვებ შუა გზაში.

მალე ჩემი დროც მოდის, 
ზუსტად ვიცი, ვის მერე უნდა ვიყო.
ვერ გავიგე , საერთოდ როგორ ჯობია:
როცა არ იცი, ყოველი 4.-7.5 წუთის მერე ვინ დაცდებათ გვარებად (რომელსაც ისე დაძაბული ვაკვირდები, რომ სიტყვის დაცდენამდე ვიცი, ვისი ჯერია), 
თუ 2-ით ადრე და წინასწარ გამზადებენ სავერდიქტო განჩინებად.


“მომდევნო კვირამდე” – ფრაზამ გააცოცხლა ფრაგმენტული კადრი.

მერე დრო კინოკადრივით დატრიალდა,
ოღონდ პირიქით:
ხალხი,
მზე,
მანქანა,
მუსიკა,
გრილი ჰაერი
და
დილის ადგილი:
შეხვედრის და დამშვიდობების. . . 
ვიდრე მომდევნო კვირამდე. . . 

.....
ხვალ ისევ გამოცდა მაქვს, საპატრულოში,

იგივე შეგრძნებებით და ემოციებით გადავსებული,

ვითვლი,  კიდევ "რამდენი სიცოცხლე" დამრჩა გამოსაყენებელი....

No comments:

Post a Comment