Monday, July 27, 2009

მზის მონოლოგი

მზეზე მინდა დავწერო. . . 
ასე მგონია, შეუვსებელი ვარ და ყოველთვის რაღაც მაკლდება მთლიანობამდე.
ფანჯარას ვაღებ, ოთახის სხივებით შესავსებად. ახლა მარტო ვეღარ ვარ, სხივები დალიცლიცებენ ჩემს თავზე და ჰაერის შემადგენელ მტვრის ათასობით პაწაწინა ნაწილაკებს ამჭირვალებენ. ალბათ, ჩვენც სამყაროს ასეთივე წერტილები ვართ, თუმცა – ვინ იცის .. .
ფიქრის დაწყებაც მეზარება. ვიცი, რომ აზვინდება და მთად იქცევა, რომელსაც ვეღარ გადავივლი, ისევ შემეურჩება დამძიმებული სხეული და თავს მიმატოვებინებს შუა გზამდე.
ახლა იმას ვგეგმავ, რა ჩავანაცვლო აზვინებამდე დაწყებულ ფიქრს.
სხივებს ადევნებული თვალების წინ აბრჭყვიალებული მტვრის ათასობით ნაწილაკი კი სწრაფ ტაქტში მოძრაობენ. ვამჩნევ, თუკი სხივებს დიდხანს დავიტოვებ ოთახში, ყველა წერტილი ფიქრად იქცევა და აღარ დაეტევა ჩემს პატარა სივრცეში.
ერთი წუთით წარმოვიდგენ, რომ მზის წერტილების ქვეყანაში ვარ, მხოლოდ სხივებთან და წერტილოვანი ნაწილაკების გვერდით, უდიდეს და ულამაზეს სივრცეში, - მხოლოდდამხოლოდ და მხოლოდშობილად. აქ არ არსებობს ფიქრის წამოწყების მიზეზი, არც ფიქრის ისტორია, მითუმეტეს – დამძიმებული სხეული. აქ მზემდე სავალი გზა და ბევრი ნათელი შუქია, აქ სიკაშკაშეა, მაგრამ მარტოობაც, მზემდე მარტოობა. აქედან სინათლს წელიწადის ვერდათვლილი დროა, რომელსაც ვერასდროს დახარჯავ და ვერც გამოიყენებ, თუკი ფიქრის მოშორებას განიზრახავ.
ახლა ბავშვობაწაკითხული ზღაპარი მომაგონდა “მზის ბაჭიების ქვეყანაში”, სხივებს მზემდე წაყოლილი მთავარი გმირითა და უსაკვებო სივრცით, უწონადო სხეულებითა და მზის ყვავილებით გადავსებული ზღაპარი.
მზეს მინდა მოვუყვე ჩემი ზღაპარი, რომელიც ყველაზე უცნაური და რაღაცნაირი იქნება. მზემ რომ მომისმინოს და გამიღიმოს, სხივები გამომიწოდოს და თავბრუ დამახვიოს გულში ჩაკვრით. მერე რომ ასე დაბნეულმა ვიარო მტვრის ათას პაწაწინა ნაწილაკებში და ვერ შევნიშნო სხივებზე მათი გამომჭირვალება.
. . .ახლა დაშვების დროა, მტვრის ქვეყანაში დაბრუნების, ყინვისფერ ცაზე შორეული მზიანობის, სიცხადის თვალებში ჩახედვის, მთის გადავლის დრო, ალბათ ასე . . .
მგონი, ფიქრები მეწყებიან და სხეულს მიმძიმებენ. ჰო, სულჩამსახლებულ ნაწილებს ვაგროვებ – შევსებამდე, რომ მთელი ეს უბრალოება შევაფერადო, უფიქრობამდე ფეხით გადავცდე მზის ბილიკებს, რომ შემრჩეს მზისგან წამოყოლილი რაღაცნაირობის განცდა, რომ ამდენ წერტილოვან ამბავს თავი მოვუყარო და გავაერთმთლიანო. . .

. . . ჩამესახლე . . .

. . .

No comments:

Post a Comment