Saturday, June 12, 2010

საუზმეზე სასაუბრონი

  იცი, როდისაა წვიმა ჩემი? - აი, როცა უქმევდღეობ და ვშინაობ, როცა ერთი-ორი პრობლემით ნაკლებობა სტაბილურობის განცდის ხასიათზე მაყენებს, როცა ჩემები კარგად მეგულება და აღარ მაფიქრებს მომდევნო უქმეობამდე ჩემი სამუშაო დღეები, როცა გაზაფხულის მიწურულის დათვლილი დღეების ჰაერი ცივი აღარაა და შემიძლია, ღია ფანჯრიდან შევხედო ცას... და, თუ ბოლოხანს წვიმაზე აღარ ვწყრები - ესეც შეჩვეულობის ბრალი მგონია...

  სველი და ახალმწვანე ფოთლები, ქუჩა და ხელატატებული ჩვილი, სართული და აივანზე, ალბათ შესვენებად გამოსული, იგივე ალბათობით, აბიტურიენტი გოგონა, ვიწრო შარვლითა და სპორტულმაისურიანი, ჩამოშლილი თმით. ორი ფოლცვაგენი და ერთი მიცუბიში - უმგზავრებო და ეზოიანი. . .  
  უქმე დღის ყველაზე ადრიანი წევრი - ნინია, ყველაზე გვიანი კი მე. შესაბამისად, ჩემი საუზმობა ტოლია სადილობის დროის. ნინი მარტო არ მტოვებს და შეგროვებული ამბებით სუფრას “მიმზადებს”. საუზმის დღევანდელი თემა, დაახლოებით, ასეთია:
- იცი, ახლა რა უნდა მოხდეს? – ნინის მზერით ვხვდები, რომ სიტყვობანა უნდა მეთამაშოს.
- ალბათ, ისევ იწვიმებს, როგორც ჩანს, მოწყენილი დღეა, - ჩემი დიდური პასუხით მაინცდამაინც არაა კმაყოფილი და ცდილობს ამიხსნას:
- ღრუბლები ერთმანეთის შესახვედრად მიეშურებიან, ისე ჩქარობენ, რომ ერთმანეთს ეჯახებიან და “ჭეხა-ხუხილით” სურათებს უღებენ მიწას. 
ვეკითხები, - მზე ამ დროს რას აკეთებს, ნეტა თქო?
- მზე დაღლილია და ალბათ, მასაც შენსავით დილის ძილი უყვარსო.
ვეკითხები, - რამ დაღალა, გუშინაც არ გვჩვენებია მთელი დღე თქო?
- დასვენების დღეები აქვს, ალბათ სამსახურში ძალიან იღლებაო, - დაუფიქრებლად მეპასუხება. 
ღიმილის შეკავებას ჩაის მოზრდილი ყლუპით ვახერხებ და ინტერესით ველი მისეულ “ბუნების გაკვეთილების” შემდეგ ვერსიას. 
მერე არკვევს, რომ მზეს თვალები დახუჭული აქვს, რომ დღეს ალბათ მცივანაა და ღრუბლების საბანშია გახვეული. . . 
ჰოდა, ახლა ვზივარ ისევ სიზმარწამოყოლილივით, ნასაუზმევ სუფრასთან და “ჭეხა-ხუხილისაგან” სურათების გადაღებას ველი, - შეციებული და დაღლილი მზის გარეშე. . . 
ალბათ, ისევ გაწვიმდება.
იცი როგორ?
გაზაფხულისფრად, სიხარულის, კიდევ სიცელქისფრადაც, მხიარულ ნოტებად,
წკრიალახმებად.
არის რაღაც წვიმაშიც განწყობა,
თანაც, როცა ერთიანად სველდები და მგონი, პირველად - წვიმა აღარ გებოროტება......