Friday, March 2, 2012

დაგვიანებული გაზაფხული?

/შაბლონური დასათაურებით/


მზეა, –

იცი როგორი?

დიდხანს რომ შეგაჩერებს, მოგნუსხავს, გაგაშეშებს,

მეორე მხარეს რომ ყინვიანი უმზეობაა და ძვლებამდე შეღწეული სიცივე უჯრედებს გითვალიერებს,

არადა, – მარტი მოვიდა, წესით, სითბოც უნდა მოიყვანოს, მაგრამ აბა სადაა წესები და კანონმორჩილებანი?

შესასრულებელი საკითხები ტვინის უჯრედებში ზარმაცი ფუტკრებივით ფუთფუთებენ, ფრთების გაშლა რომ ეზარებათ და წრეს რომ უვლიან ყვავილებს სანექტაროდ, – დაახლოებით ისე.

რაც ვერ სრულდება, თვალებს ვუხუჭავ, მაგრამ სიზმარში გრძელდება ისე ცხადად, რომ ძაფი – სიფხიზლესა და რეალობას შორის იშვიათად წყდება. . .

3 დიდი შუშა, სარკეში არეკლილი მეოთხეც და ორიც დამატებითი უკანა ხედის ანარეკლი – ჩემი ახლანდელი და ხშირიც თვალსაწიერია – სადემარკაციოდ შემოსაზღვრული მზესა და ყინვას შირის, ხმაურსა და რადიო/მუსიკას, ქარსა და სიჩუმეს მიღმა განთავსებული. საათს აყოლილი ლოდინისა და შეხვედრების დროით, აწრიალებული აზრებითა და შაკიკდიაგნოზდასმული ტვინის ნახევარსფეროებით, უშუქნიშანო უბნებითა და დროდაცდენილი დღეებით გადავსებული. თვითკმაყოფილი უსახოებებითა და სამახსოვრო სიტყვების გადადინებებით, შედეგებს დაკლებული ახსნებითა და ნაყალბევი მოლოდინების მატარებლიანი საათებით ყელში ამოსული.

მზეზეც რომ ირევიან წინადადებები და სარკეებზეც რომ ირეკლებიან, თვეც რომ ერთი დღესავით გადის და თებერვლის ბოლო დღის გამოჩენაც რომ დასვენების თარიღს უქმე დღეს ამთხვევს.

ჩასვლის დროა,

მზიანი შუშების გადაღმა სამყაროსთან შეხების, შერევის, ახსნების დრო,

ისევ უნდა შემცივდეს ახლაც, მერე ისევ უნდა გამათბოს მზისგულზე შეჩერებულმა დგომამ,

ისევ... ისევ...

. . .

შეხვედრაზე დამაგვიანდა