Tuesday, December 3, 2013

მოგზაურობის   ჩანაწერები   


გამოცხადებული მგზავრობის ქრონიკა


აეროპორტია თბილისის,
თითქოს სხვა ვარ და  ჩემს ნაცვლად  სხვა  აწვდის პასპორტს აეროპორტის ღიმილაკრულ თანამშრომელს.
განწყობა  სადღაც გასულია, უჩემოდ, არადა, ხშირად  მიფიქრია ხოლმე ამ კადრზე,
ვიცი, რომ საუკეთესო ემოცია გვიან დამრევს ხელს.
ჰოდა, ვზივარ ახლა მედია-ტურის სხვა წევრებს შორის   და  გაფრენამდე დარჩენილ დროს ვუდარაჯებ.
უკან - მიტოვებული ყოფითი კვირაა, რომელიც ახლა მელის წინ, მომავალში რადიკალური სახეცვლილებით.





შუაღამის ცა


ღრუბლებზედა თვითმფრინავი, მიუხედავად ღამისა, სამახსოვროა.
ჩემი ამასწინდელი ფეისბუქ სტატუსი მახსენდება, სადაც ვეტმფრენიდან დანახული სიმაღლე ვინატრე, ოღონდ  - დღისით.
შუაღამის კაირო სიმაღლიდან ულამაზესი და თვალუწვდენელია, - გულმკერდით ნაქარგ მოოჭვილ ქსოვილს ჰგავს, ძვირფასთვლებიანს, რომელიც არეკლილ მთვარის შუქს ილუმინატორის პატარა სივრცეში ატევს და თან ძლიერ აბრჭყვიალებს.
ეს ჩემი პირველი დიდი ემოციაა  (გაგებული მოგზაურიბისა და პირველად თვალშევლებული ვეებერთელა ღრუბლების შემდეგ).




საავტობუსე გზა

კაიროს რომელიღაც ბლოკ/პოსტზე გამიარა თვლემამ.
გამთენიისას წამოვიწყეთ სახმელეთო გზა - შარმ/ელ/შეიხისაკენ.
ავტობუსი ნახევრად უდაბნო ადგილებს იტოვებს უკან,
ფანჯარა ერთი ფერისაა, ყვითელი ფერის  და
გუშინ - გადაება დღეს.
მთელი ავტობუსი ჩვენი ტურისაა, ამიტომაც ისე გაფანტულები ვსხედვართ, ერთმანეთს თითქმის არც კი ვხედავთ.
ჯგუფის წევრები იოლად საურთიერთონი ჩანან, რაც საინტერესოს ხდის  მომდევნო დღეების თავგადასავლებს.
ვიწყებ შთაბეჭდილებათა შეგროვებას, რომ არ დამეფანტოს.





AMWAJ

სასტუმრო გაბრწყინებული  და ტურისტებიანია.
რესტორანი კი - უხვკერძიანი, უგემრიელესი დესერტებით ავსებული.


ჩემი ნომრის ჩვენების დროა:
ოთახი სასტუმროს მესამე სართულზეა.   აივანი - პირდაპირ აუზზე შლის ხედს, აუზი კი - წითელ ზღვაზე.
სასტუმრო  - კომპლექსებს ქმნის, შენობებიანს,
რომლის წითელი ფერი - საოცრად ედარება ლურჯს.
დრო აღარაა არც შესვენების, არც აივნის სილამაზის ხიბლის.
რადიოელები ერთად გავნაწილდით,
მხიარული გოგონები არიან - ჩემი ოთახის თანამგზავრნი,
ამიტომაც ვახერხებთ პლაჟზეც და აუზზეც გასვლას  (დღის განრიგიდან ამოვარდნის გარეშეც)




გაკვირვება მომდევნო:
აქ მზე ელვის უსწრაფესად ჩადის ზღვაში და შენობების წითელი ფერი ლურჯდება ღამესთან.


დელეკტესებიანი რესტორანი და „მშიერი „ თანამეინახენი

თათა ამბობს, ამ მხარეში მოხვდე და FARES-ში  არ შემოიხედო -  „დანაშაულიაო“.
რომ აქ უგემრიელესი, უძვირესი და მრავალფეროვანი კერძებია.

ჰოდა, ვზივარ ახლა ამ კერძების გარშემო და შორით ვუყურებ, როგორ ბედნიერი სახით აგემოვნებს ჩემს წინ  სუფრასთან მჯდომი ირაკლი გაურკვეველი ორგანიზმებით ავსებულ ფერად ჯამს.








ღამის ქუჩა

ლამაზია ღამის შარმი და ჩვენით  ქუჩებ მოდებული,
ფოტო კამერებს აკიდებულები, -  სამახსოვრო კადრებში ვგროვდებით.






ხელებდათვლა ანუ „ჩემი ოქრო ჩემთან“

მედია-ჯგუფი ისე გადავაადგილდებით, როგორც ერთი წევრი, ყოველ ჯერზე ხელებაწეულნი ვითვლებით და დამძახებელთან ვგროვდებით წიწილებივით.
ჩვენი შემგრივებელი თათაა, ინტერკონტინენტალისა და ამ ვოიაჟის მენეჯერი, განურჩევლად ასაკისა, ყველას „დეს“ გვეძახის და ყველ მითითებებს თვითონვე გვაძლევს.
თათა ბუნებით ლიდერია,
ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება, ირგებს ნებისმიერ გარემოს და ფლობს კომუნიკაციების კარგ ტექნოლოგიებს.
ესპანელთან - ესპანელობს, გერმანელთან - თავისიანი ხდება, ასევე ზედმიწევნით იცნობს ქართულ ბუნებას და მართვის საოცარ ნიჭს ავლენს.
-         აქ ღიმილია საჭირო, აქ კი - გაოცება, აღფრთოვანება. ეს დელეკატესები ერთხელ მაინც უნდა გასინჯო, რომ იგრძნო,სად ხარ, თუ საქმეს დასჭირდა, არც უნდა დაიძინო - შედეგამდე მიუსვლელად.  - ეს სხვადასხვა ფრაზებია, თათასთან გაერთიანებული,  -
დროგანაწილებული და ენერგიით სავსე გოგო.
ჩვენ ისევ ხელაწეულნი ვითვლებით ყოველ მის მოძახილზე:  „ჩემი ოქროები  ჩემთან!“









აქაბა - მზით სავსე ქალაქი

აქაბა ქალაქ -პორტია იორდანიაში, წითელი ზღვის ყურის სანაპიროზე.
აქაბა საოცრად ლამაზი დაგვიხვდა,
მომდევნო შეჩერების ადგილი სასტუმრო რედისონია,  - არაბულ ყვითელ ფერებში.
ფუფნების განცდა ფეხდაფეხ მოგვდევს და არ გვტოვებს არსად.
უგემრიელესი კერძები,
გრილი აბაზანა,
დასვენებული ტერფები...


მომდევნო გადაადგილებამდე 1 საათი თავისუფალი დრო მრჩება,
თმა  - სველი, სამოსი - შესარჩევი და ღამის უდაბნო  - სანახავი.
უდაბნომდე კი - სამახსოვრო იახტა/გასეირნებაა.


სანაპიროს სასტუმროების მეპატრონე თავის სანაპიროზე გვიწვევს,
გარემო ისეთია, მინდა თვალებმა რაც შეიძლება დიდხანს დაიხსომოს ეს ხედები.
ჩვენი მასპინძელი  თავის იახტაზე გვსტუმრობს , ამბობს, რომ ამ იახტით იორდანიის მეფეს სტუმრობდა რამდენიმე ხნის წინ.
წითელი ზღვა ულამაზესია, მასპინძელი -  მდიდარი.  სანაპიროზევე  გულუხვად გვიმასპინძლდება სასმელებითა და თევზის უგემრიელესი კერძებით.
თვალებით გადაღებული ფოტო/კადრებსაც ვაგროვებ.









პირველშეხვედრა უდაბნოსთან და ბედუინებთან შესტუმრებულები

გზას  უდაბნოსკენ მივყავართ.
უდაბნო   ვრცელია, მზის ჩამავალ სხივფერიც.
აქ მზე მალე ჩადის ქვიშაში და ადრე ღამდება.



ღამის უდაბნო  გრილია,
მზისფერი -  რუხფერდება ღამეში.
უჰორიზონტობა მკარგავს.



უდაბნოს განაპირა მხარეს ბედუინების სოფელს ეძახიან, საგანგებოდ ტურისტებისთვის მოწყობილ ადგილს.
ამ გადაკარგულ ადგილას,  ადიალებგადახურულ ოთახებიანი სასტუმრო მოუწყვიათ,
ეკზოტიკის მოყვარულთ კი  შესაძლებლობა აქვთ  აქ განერიდონ  მთელ დედამიწას.
საგანგებოდ სტუმრებისთვის,  კერძის მომზადების პროცესის  მომსწრენი ვხვდებით, - ქვიშაში ჩაფლული დიდი ჭურჭელი ცხვრის და ქათმის ხორცს ერთად ინახავს,   სანელებლებითა და ბრინჯით  მორთულ- მოკაზმულს.
ჭრელა/ჭრულა  ნოხებისა და მუთქებიანი ადგილის  წინ, სადაც მოვკალათდით,  კოცონი დაგვინთეს, ჩაითა და აქაური უგემრიელესი ნამცხვრითაც გვიმასპინძლეს.




ჩემს გვერდით  ჩილიმგაჩაღებულ ბედუინს გავყურებ.
თავი ფილმში მგონია, გვერდით მიზის მათი ბელადი და მთავაზობს ჩილიმს კვამლი გავუსინჯო.




ამ ადგილის ცენტრში განათებული  მოედანია , მოედანზე - სცენა, სცენაზე ახლა იქაურნი თავიანთ სარიტუალო  ცეკვას იწყებენ და ჩვენდა  გასაკვირად, ჩვენც ამ ცეკვის მონაწილენი ვხდებით, - თანაც სოლო პარტიების შესრულებებითაც.






მომდევნო გაკვირვება:  აქ ქალები არ არიან
გავიგე, რომ ბედუინთ ქალები არც ჰყავთ,
ქალები ძვირი ღირს, მათი ყიდვა კი წარმოუდგენლად მაღალი ფასია...
დღეებ და ამბებ არეული ვარ,
და უთარიღო, - ან რა საჭიროა.




დღე  - სახელად პეტრა   ანუ
დაკარგული ქალაქის პოვნა


ამ დღეს პეტრა დავარქვი,
ახლა ისეთი ახლოა სინამდვილე, შეგიძლია ხელითაც შეეხო - დაჯერებამდე.
მანამდე გზაა,
გზაზე  ჩვენი მინი ავტობუსი და გიდი,
რომელიც ქალაქზე ამბებს გვიამბობს.
გზად, მოპირდაპირე კლდიდან - აარონის საფლავი მოსჩანს,
აარონი - მოსეს ძმაა, გზად გარდაცვლილი და იქვე  დაკრძალული აარონი.
ეს იქვე - უმაღლეს კლდეს ნიშნავს, - თვალშეუწვდენელს, რომლის სიმაღლეს ფოტოობიექტივი ვერ აფიქსირებს.


კადრი მომდევნო:

შესასვლელია,
პეტრამდე კარიბჭე - სახელობითი წარწერით.
ზღურბლიდან  უკვე პეტრა იწყება,
იწყება გაოცებებით,
თვალებშევლებით,
დადუმებებით,
სხვაგვარად ვერ შეძლებ აქ ფეხშემოდგმას.


ორი გზაა:

წამსვლელთა და გამომსვლელთა.
გზა გრძელი და ჯერ ქვიშიანია  - კლდეებამდე.
სწრაფად გადავაადგილდებით, რადგან აქ უსწრაფესად ღამდება და აქაურობაც იკეტება.
კლდეები,
ერთმანეთში გადაზრდილი,დაახლოებული კლდეები,
უცაო სივრცე,
მოკირწლული სატერფულები, - შერეულია ერთმანეთში.
ამ სიმაღლის ფსკერზე ხარ წერტილი,
დედამიწაზე დაკარგულივით,
თვალებაწეული და უსიტყვებო მოსიარულე.




პალესტინის უდაბნოში დაკარგული ქალაქი
მითიურია და ჯვაროსნებთან ერთად  დედამიწიდან გამქრალ ადგილად მიიჩნევენ.



600 წელი არსად მოხსენიებული პეტრა...
ღმერთოო...
რამდენი შეკითხვა გროვდება დანახვისთანავე,
ვინ, როგორ გამოკვართა კლდეში ეს ადგილები,
უდაბნოში და უწყლოდ,
არავინ იცის, საიდან მოვიდნენ აქაური ტომი და სად გაუჩინარდნენ ასე უკვალოდ.
გადმოცემით, მითიურ ქალაქს შეფიცული ბედიუნები იცავდნენ და მისი მდებარეობის საიდუმლოს მემკვიდრეობით ინახავდნენ.
ნაბატების დაკარგული ქალაქი,
ფარაონის სასახლე,
სამარხები,
ამფითეატრი
საკულტო შენობები
აბანოები,
საცხოვრებელი სახლები - აქაურ ცივილიზაციის არსებობას ამოწმებენ.
მისი ისტორია არავინ იცის,
არც მეცნიერებმა, არც არქეოლოგებმა, არც ბედუინებმა,
იორდანიის უდაბნოს შუაგულში აღმოცენებული ცივილიზაციის ნაკვალევი იდუმალებით მოცული და ამოუცნობი საკვირველებაა.

მე კი ამ დაკარგული ქალაქის თვალშევლება მერგუნა.
ემოციები მოგონებებთან  მეხსიერებაში საგულდაგულოდ ილექება.




მკვდარი ზღვის კურორტი - ღამის ლურჯი სავანე      

პეტრა ინაცვლებს მკვდარ ზღვის ერთ-ერთ კურორტზე.
თუკი მანამდე დროში მოგზაურობ, -
აქ, ამ პლაზაში  პირიქით, - დროს უსწრებ!
აქ ყველგან ფუფუნება დაბრძანდება და შენიანად გიღიმის. თან ისე, - გაოცებასაც რომ ვერ ასწრებ, ისე - მიითვისებ, კუთვნილივით.

დროს  საგულდაგულოდ ვიმახსოვრებ,
რომ გამყვეს ჩემს მომდევნო დღეებ საჩვენებლად.





გიორგობა პლაჟზე

დილა ადრიანია, დღე - მზით გადავსებული, სანაპირო   - ხალხით, არადა, საქართველოში გიორგობა დგას და ნოემბერიც  შემოდგომას უთვლის დღეებს.
დღეს ყველაზე უცნაური გიორგობაა, რაც კი ოდესმე მქონია, გიორგობა - შარმში - ზაფხულ დღითა და პლაჟით სავსე დღე, ხვალინდელი წასვლაწინარეც.
საქართველოშიც  ნოემბერი დგას, - სუსხითა და ზარების რეკვის ფონზე.
წუთებით ტკბობას ვსწავლობ, მერეც რომ გამყვეს, - ვარ დროში დაკარგულივით და უფიქრო .



სპირსი ადგილია, საიდანაც გველთევზების, მარჯნების, ზღვის ვარსკვლავების, გაფერადებული თევზების დანახვა ზედაპირიდანვე შეგიძლია. სპირსი თვალუწვდენელ ხიდს ქმნის ზღვაზე. ზღვის სახელია „წითელი“. მას ჰქვია წითელი . მოინტერესე პირს კი - აკვალანგ მორგებაც შეუძლია, ფსკერზე სამოგზაუროდ.
დღეს ზღვა მიქცეულია, ალოკილი სანაპიროთი დაგვიხვდა,  - ნიშნავს, რომ ზღვამ სანაპირო მიატოვა და განერიდა ხალხსაც, - შემდეგ მოქცევამდე.




ჩემი მოგზაურობის ადამიანები

მოგზაურობა ისე წამოვიწყე, თათას გარდა, არავის ვიცნობდი.
მანამდე შეხვედრებზე სწორედ თათამ გამაცნო ჯგუფის წევრები,  -
ისე წარგიდგენს აქამდე უცნობ ადამიანს, თითქოს შენც დიდი ხანია იცნობდე, -
ჰოდა, ასე წარდგენებით,   თვითმფრინავის  ტრაპზევე   ტურის წევრებს ლამის ყველას მეგობრად ვთვლიდი.
თათა მანამდე გავიცანი, პირველად სატელეფონო და სასამსახურო საუბარი გვქონდა, - საუბრის წამოწყებამდე ვკითხე - ერთმანეთს    მანამდე ხომ არ ვიცნობდით თქო - ეს მის კარგ კომუნიკაციამ მაფიქრებინა.
ასევე მოულოდნელი და ძლიერ სასიამოვნო იყო ჩემთვის ამ ტურში გაწევრიანება, - აქაც მასთან ახლოობა ვიგრძენი. მისმა  ძლიერმა  ხასიათმა, პროფესიონალურობამ, მართვის უნარების ფლობამ, მრავალხასიათობამ - მოლოდინს გადააჭარბა.

თათას დედა - ქალბატონი მარინაა. - ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, რაც ბოლო წლებია არ შემხვედრია...  თბილი, მეგობრული, ჩვენი თანატოლი....

ნუგზარი - საოცრად დიდი იუმორის მქონე, ნებისმიერი  სიტუაციისას. ჰოდა, მის ახლო/მახლო ყოფნისას კარგ ხსიათობა გარანტირებული მქონდა.

ირაკლის აქვს ქარიზმა და ყოველთვის ხვდება ყურადღების ცენტრში, ღიმილიანი და უშუალოა, შეუძლია გიმეგობროს და შეგიძლია ენდო.

მანჩო და ლელა - ჩემი მხიარული გოგონებია, ორივე ტურში გავიცანი, ორივე ჩემი სფეროდან - რადიოდანაა, ერთად ვინაწილებდით ამბებსაც, ოთახსაც, სამოსსა და სამკაულებს.

ნათია - მეგობრულია, გულახდილი - ამბობს, რასაც ფიქრობს ან რა შენიშვნებიც აქვს.

ნია და დათა - გა/ერთებული ადამიანები, ანუ „ უცალცალკევო“, ერთმანეთთან ხასიათ, ღიმილ, ბედშეწყობილნი. ჩვენ მათ „ტვიქსებს“ ვეძახდით.

ზურიკო - ყველაზე ბავშვურია და ყველაზე უსიტყვებო, მძინარაცაა და მცინარაც. ცეკვავს  ტანთშემოძარცვებით.

გოგას -  მუდამ საკუთარი თვალი და შესაბამისად - ხედვა აქვს. ხშირად განზე დგას, ჰო, კიდევ - ასევე ხშირად ვეძებთ ხოლმე.

თეო - კარგ კადრებინი, ცოტა დაბნეულიც და ლამაზი გოგოა.

ტატა - მე მქვია, როგორ მინდა ახლა ყველა ამ ადამიანმა ჩემზეც გააკეთონ მინაწერი, როგორი დავამახსოვრდი.





ზეცა - ქალაქის თავზე ფიქრები

ახლა ზეცა თბილისის თავზეა, - ნიშნავს რომ მალე დაეშვება თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში.
მე - კადრებიანი ვარ, გონებაში აღბეჭდილ და საგულდაგულოდ დამახსოვრებულ  დღეებიანი, - რომელსაც მოვუვლი, გავაზიარებ, მოვყვები, დავიმახსოვრებ...
ესეც ჩემი „ტკბილი ნოემბერი“ რომელიც ამიცხადდა...







2013 წელი,
ნოემბერი