Tuesday, July 28, 2009

უჯრედებით

(ხასიათზე - უჯრედებამდე...
ნეგატივივით ქალაქში...)



უჯრედებიდან – 
წვეთ-წვეთობით 
შევსებამდე,
უმზეობიდან – 
ნაბიჯ-ნაბიჯ
შეხვედრამდე.
ფიქრწამოკიდებულ-სურვილიან
შავ-თეთრი ფოტო-კადრით,
უსულო გრძნობად გაშეშებული 
წითელი ფერით
და წვიმისფერი ხასიათით გადაჟღენთილი.
უჯრედები იკუმშება 
შენი თქმით,
კუთხეები ირკალება
აუკინძავი ემოციით,
რომელიც
უჯრედებში მატრიოშკებად ჩალაგებულ 
უზომობას ჰგავს,
ნებისყოფა – 
დამსხვრეულ ნაწილაკებს,
ურთულესი კომბიანაციებით ასაწყობ ფიგურებს.
მაკიაჟ გადაცლილ სახეს
სიცივე ნერვიული სვლით ფარავს. 
დამტვერილ უჯრედებში 
სიმშვიდე იცვლის მიმართულებას, - 
პულსის დათვლამდე. 
ვერასდროს გთხოვ:
მათხოვო შენი ლექსიკონი, - 
ნეგატივის გამჟღავნებამდე,
მაჩუქო - ტილოს ეკრანიდან ჩამოხსნილი,
შენი დასიზმრებული სიზმარი, -
დღეების მარტოობით – 
ცხადში გამოგრძელებულად.
ან -  
მუჭით შეგროვებული ნამცეცები – 
აკვარიუმის თევზებისათვის.
რომ თვალებჯერ და სულჯერ ნამრავლი
ვეღარ გაუტოლდეს ნულს.  
უჯრედები ივსებენ ცარიელ სივრცეებს,
ვიდრე – გაქცევამდე,
ვიდრე – ბოლომდე,
დასასრულამდე. 

რომ ქუჩებს ადევნებული -
მარტო აღარ მარტოობდეს დღე
და თან - ძალიან ყოველთვის.

. . . . . . . . .

შენი მზით,
შენი სვლით,
შენით.

No comments:

Post a Comment