Sunday, September 6, 2009

გაძარცვული მოხეტიალე

...შენზე გავიფიქრე და...

მზერა - ღიმილში გაგიცვალე,
ქუჩა - ნაბიჯში,
ლექსი - მარცვლებად დაგიშალე და
დავფიქრდი...
უკან მოვიხედე და
გავკვირდი...

შემოდგომა დაცვენილიყო, ფოთლებიანად
ჩემს ირგვლივ,
ხეები ურცხვად იწყებდნენ გაშიშვლებას და
სულაც არ ნაღვლობდნენ სამოსის შემოძარცვას...

...მერე ფანჯრის მიღმა აღმოვჩნდი,
ზღვარზე...
სადაც ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ:
ღიმილითაც, 
შეგუბებული ცრემლებითაც,
უმოტივოდ და 
ცერემონიითაც...
ხელის მსუბუქი მოძრაობით, - 
ზოგჯერ ამბორგამოყოლილითაც...

და გამჭირვალე მინაც მეისტორიობდა,
წლებს ჩამოტეხილი 
დროის ერთი მცირე სეგმენტით...

...მერე სიჩუმეში ხეტიალი მომინდა,
მაგრამ ვერ შევძელი, - 
ჰაერი ხმაურიანი,
ყველა სკამი კი - დაკავებული აღმოჩნდა.

ფეხქვეშ ფოთლები ამიკვნესდნენ და
შემაჩვენეს, - შეუმჩნევლობისთვის...

...მერე სუფრასთან აღმოვჩნდი,
სადაც ყველა შენიღბული სახე გაცხადდა,
სადაც ყველა სიტყვა უფრო განამდვილდა და
გალაღდა...

ჭიქას გავხედე...
ღვინით სავსე ჭიქის მიღმა, ყველაფერი წითლად შეიღება...

მზემაც სისხლისფრად დაიწყო ჩასვლა,
მიმწუხრის ჟამს და
დაღამდა...

ფიქრიც დაიღალა და
დამთავრდა...
ნაბიჯი - გათავდა...

წლებმა შევერცხლილი წლები ჩამოივარცხნა და
გამძარცვა...

No comments:

Post a Comment